გუგული მაღრაძე და ნინო წილოსანი გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების ევროპული ცენტრის მიერ გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ

გუგული მაღრაძე და ნინო წილოსანი გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების ევროპული ცენტრის მიერ გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები  გუგული მაღრაძე და ნინო წილოსანი 22-24 მაისს გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების ევროპული ცენტრის მიერ გამართულ სემინარში „გენდერი და უსაფრთხოება" მონაწილეობდნენ.

სემინარში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის და პოსტ საბჭოთა ქვეყნის პარლამენტარები, ცენტრის დირექტორი გენერალი დაიტონი, ამერიკელი გენერალი  ჯენიფერ გავიტო, ელჩი დუგლას გრიფიტსი, კოსოვოს ექსპრეზიდენტი ატიფეტე ჯაინაგა, და დარგის ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების ევროპული ცენტრი შეიქმნა 1993 წელს აშშ-ის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტის და გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილური უსაფრთხოების გარემოს შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტების და უსაფრთხოების გაზრდის გზით ჩრდილო ამერიკის, ევროპის და ევრაზიის ქვეყნებს შორის. მარშალის ცენტრი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტიტუტს, სადაც მინდინარეობს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, სამხედრო სპეციალისტების სწავლება და წვრთვნა.

მიმდინარე სემინარის მთავარი თემა იყო გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებამოსილება, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხოების გენდერულად სენსიტიური ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებაში. ამ თემიდან გამომდინარე, განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერი და უსაფრთხოება, პოლიტიკაში ქალთა მონაწილოების გაზრდა, ქალების როლი ეკონომიკურ განვითარებაში, სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობა, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პარამეტრები.

გუგული მაღრაძე მიწვეული იყო, როგორც სპიკერი თემაზე „ ქალი და პოლიტიკა". გუგული მაღრაძემ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის საქმიანობა ამ მიმართულებით. მან  დამსწრეებს ის საკანომდებლო ინიციატივები გააცნო, როემლიც სხვადასხვა დროს იქნა ინიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად, აღნიშნა ის დადებითი ცვლილებები, რაც არის ამ მხრივ საქართველოში: შედარებით გაზრდილია პარლამენტში ქალთა რიცხვი (პარლამენტის 150 დეპუტატიდან 24 ქალი იქნა არჩეული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც შეადგენს 16 %,) მაგრამ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინტერსაპარლამენტო კომიტეტის მიერ მოწოდებულ საშუალო მონაცემს, რაც არის 21, 8 %.

გუგული მაღრაძემ დამსწრეთ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (70 %) მხარს უჭერს ქალთა მეტ წარმომადგენლობას პოლიტიკაში.

გუგული მაღრაძემ სემინარის მონაწილეებს  ის დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რაც შეიმუშავა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის.

ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიაში გამოსვლისას,  ნინო წილოსანმა წარმოადგინა თავისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მუშაობაში ამ მხრივ არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შეიმჩნევა ადგილობრივ დონეზე პოლიტიკაში ჩართულ ქალებს შორის სოლიდარობის ნაკლებობა, რაც ხელს უშლის ქალთა ეფექტურობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

სემინარზე მიღებული იქნა რეკომენდაციები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში, დაისახა გეგმები შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

·