სვანეთის მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა

სვანეთის მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის ფორმატში მესტიის მოსახლეობა კონსტიტუციის კანონპროექტის ახალ რედაქციას გაეცნო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები, ადგილობრივ მოსახლეობას, პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა გააცნო.

გამოსვლის დასაწყისში, მომხსენებელმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადების აუცილებლობის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები როგორც კონსტიტუციური სამართლის ძირითად პრინციპებთან, ასევე საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან მიმართებაში უამრავ ხარვეზს მოიცავს, რაზეც ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციებიც არსებობს. მისივე განცხადებით, გარდა სამართლებრივი პრინციპებისა, მოქმედი რედაქცია იურიდიული ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც გაუმართავია და რედაქციულ დახვეწასაც საჭიროებს.

დავით მათიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას კონსტიტუციის მეორე თავში წარმოდგენილი ადამიანის უფლებების დაცვის შინაარსი გააცნო და ახალად დამატებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე ისაუბრა. საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რედაქციის გაცნობისას, პარლამენტის წევრმა ყურადღება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ახალ რეგულაციებზე გაამახვილა და თითოეული მათგანი დეტალურად განმარტა.

მისი ინფორმაციით, მომზადებული ცვლილებების თანახმად, ქვეყანა შერეული სისტემიდან პროპორციურლ საპარლამენტო არჩევნებზე გადადის, რასაც რამდენიმე სიახლე და ნოვაცია ახლავს. კერძოდ, საუბარია, 5% საარჩევნო ბარიერის დაწესებაზე, საარჩევნო ბლოკების გაუქმებასა და ე.წ. ბონუსის სისტემაზე, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული პარტია, ერთგვარი დანამატის სახით, გაუნაწილებელ მანდატებს იღებს, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაც განმარტა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემის ქვეყნებისთვის მსგავსი პრაქტიკა ჩვეულებრივ ნორმას წარმოადგენს და ანალოგიურ ქვეყნებში სრულ უმრავლესობაში, სახელმწიფოს მეთაური სწორედ ამ ფორმით აირჩევა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის ფორმის მიუხედავად, პრეზიდენტის სტატუსი და კომპეტენცია თითქმის იგივე რჩება და მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს მოიცავს.

მესტიის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. მათი მოსაზრებების გაცნობა თავის თავზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ითავა და ადგილობრივებს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი შეხედულებები გააცნო. პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გაცნობის პარალელურად, გიორგი ვოლსკიმ კონტრარგუმენტებიც წარმოადგინა და დეტალურად განმარტა, თუ რატომ შემოდის პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის მოდელი და რა უპირატესობები აქვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

მისი განცხადებით, საქართველო, რომელიც მცირე რესურსების ქვეყანას წარმოადგენს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად რყევების ქვეშ მოექცეს და არჩევნების შედეგად მთავრობის ვერ დაკომპლექტების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ატაროს ან კოალიციური მთავრობები შექმნას, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას გარკვეულ საფრთხეებს უქმნის. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ შემოდის ე.წ. ბონუსის სისტემა, რაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, ერთნიშნა დანამატის სახით, მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას მისცემს.

ძირითადი გამოსვლების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კითხვების ძირითადი ნაწილი არჩევნების ახალი წესის შემოღებას, სოციალურ საკითხებს, მაღალმთიანი რეგიონების კანონით დაწესებულ შეღავათებს და რეგიონული მოწყობის თემებს შეეხებოდა. გამომსვლელების უმრავლესობამ სვანეთის ცალკე რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების მოთხოვნა დააყენა, რადგან მათივე განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული დოკუმენტების მოსამზადებლად ზუგდიდში ჩასვლა-ჩამოსვლა უწევთ, რაც გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს დავით მათიკაშვილმა, გიორგი ვოლსკიმ, ცოტნე ზურაბიანმა და კონსტიტუციონალისტმა, ვასილ გონაშვილმა უპასუხეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გასამართი შეხვედრები, თვის ბოლოს, თბილისში დასრულდება.