თამარ ჩუგოშვილმა შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით გამართული კონფერენცია გახსნა

თამარ ჩუგოშვილმა შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით გამართული კონფერენცია გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში", რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამენტის წევრები კარგად იცნობენ სახალხო დამცველის ანგარიშს და მის ყველა რეკომენდაციას: „ვიცით, რომ შრომის ინსპექციის ეფექტურობასთან, რეგულაციებთან და წესებთან დაკავშირებით არის ბევრი შენიშვნა ", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია და შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, პირველ რიგში კი - შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. „არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის კუთხით არსებული გამოწვევები, არამედ ევროკავშირთან დაახლოების სურვილიც გვაკისრებს ვალდებულებას, მივიღოთ ეფექტური ზომები და გადავდგათ ეფექტური ნაბიჯები. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, შრომის უსაფრთხოებას და შრომის ინსპექციას არ გააჩნია სამართლებრივი ბაზა, არ არსებობს კანონის დონეზე განსაზღვრული სტანდარტები, არ არსებობს კანონით დადგენილი ვალდებულება შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით და ეს არის მთავარი ამოსავალი, საიდან უნდა დავიწყოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მისი აზრით, სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშსა და პარლამენტში წარმოდგენილ სხვადასხვა ანგარიშებში გამოთქმულ შენიშვნებს უნდა უპასუხოს სწორედ იმ საკანონმდებლო აქტმა, კანონმა, რომელსაც პარლამენტი მიიღებს.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ცოტა ხნის წინ გაიმართა პარლამენტის წევრების შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელიც შეეხებოდა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის ეფექტურობის გაზრდის საკითხებს. „ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში შრომის უსაფრთხოებასა და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც დიდწილად უპასუხებს იმ გამოწვევებს და სამართლიან და ლეგიტიმურ კრიტიკას, რომელსაც ვისმენთ სახალხო დამცველისგან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებისგან. ჩვენ შევძლებთ, რომ ძალიან მალე, საპარლამენტო ფორმატში გადავიტანოთ ეს დისკუსია, საპარლამენტო განხილვების პროცესში ვისმჯელოთ, თუ როგორ შეიძლება შევიმუშაოთ და მივიღოთ გამართული და დაბალანსებული კანონი", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

იგი გამოეხმაურა დღევანდელ კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის გამოსვლას: „პრეზიდენტი თავის გამოსვლაში საუბრობდა სხვადასხვა ინტერესების დაბალანსებაზე, რასაც ვეთანხმები. სახალხო დამცველმა ახსენა შრომის ინსპექცია და გავიმეორებ, რომ ეს პანაცეა ნამდვილად არ არის და არ ნიშნავს იმას, რომ ეფექტური შრომის ინსპექციის პირობებში სამწუხარო შემთხვევები სრულიად გამოირიცხება, მაგრამ შრომის ინსპექციამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს რისკები და ზიანი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებზე იღებენ", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ქვეყანას აქვს ვალდებულება, აუცილებლად გადადგას ნაბიჯები სწორი მიმართულებით, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, გაზრდის პრევენციის და მონიტორინგის ეფექტიანობას.

„დარწმუნებული ვარ, სწორი მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს და გვექნება გამართული, კარგი კანონმდებლობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას და დაცულობას, ხოლო მეორე მხრივ, არ დააზიანებს ბიზნესის ინტერესს, რომ სულ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდეს ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში დაცული იქნება შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ინვესტორისთვის მხოლოდ პლიუსია და არა შეფერხება ან წინააღმდეგობა. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ შეგვიძლია ამ ინტერესების დაბალანსება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება როგორც ჩვენი მოქალაქეების დაცვის, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.