ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება „სპეციალური გზავნილი“, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს. ამის შესახებ დოლიძემ 26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების თემის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავლისმომცველი ღონისძიება და ამავე დროს, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსადმი, ასევე ნატო-ს ყველა წევრისადმი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, გუშინაც განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დღესაც აღინიშნა საქართველოსადმი ძალიან დიდი, მკაფიო და მკვეთრი ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც განცხადება ასევე გააკეთეს სხვა მაღალმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმ. ჩვენ, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ დოკუმენტს, განცხადებას, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი. იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატო-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გარდა გეოგრაფიული, სტრატეგიული მნიშვნელობისა, მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება“, - განაცხადა დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის, პოლიტიკური განცხადება, ბოლომდე მივა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას მის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ექნება.