მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას საბურთალოზე, ამაღლების სახელობის ტაძარში დღეს, 10:00 საათზე, დაიწყებს.

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ.

ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე ფერეიდანში, ირანში, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმებისგან წამებული ქართველების (XVII-XVIII საუკუნეებში) ხსენებას აღნიშნავს.