ვიდეო, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს

ვიდეო, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ვიდეომასალის გავრცელება ადასტურებს, თუ როგორი კრიმინალური დაჯგუფება მართავს ქვეყანას.

"ბატონი ფარცხალაძე არათუ დაახლოებული პირია, არამედ ძალოვანი უწყებების არაფორმალური მმართველია. ის არათუ გავლენით სარგებლობს, არამედ მართავს სამართალდამცავ უწყებებს. ის ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა სუს-მა პროკურატურასთან და შსს-სთან ერთად, არის ფარცხალაძის დავალებით შესრულებული. ჩვენ ქვეყანას არც შს მინისტრი არ ჰყავს და არც პრემიერ- მინისტრი, რომელსაც ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ამ ვიდეოს გავრცელება ადასტურებს, თუ რამდენად კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას", - განაცხადა მელიამ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს სავარაუდოდ იარაღით ემუქრება. კადრების ავთენტურობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.