ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს  განიხილავდნენ.

კონფერენციას მოდერირებას ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი უწევდა. მონაწილეებს მიმართეს GIZ-ის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის ხელმძღვანელმა თომას მაიერმა, გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შატშნაიდერმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მიხაელ ზიბერტმა. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს და დადებითად შეაფასეს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, უზრუნველყოფილია ფართო საზოგადოების ჩართულობაც. კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტი ბევრ რაციონალურ კომპონენტს მოიცავს.

ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს და შემუშავებული კანონის პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია. თომას მარკერტმა ისაუბრა კონსესუსის მნიშვნელობაზეც.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს დადებითად აფასებს ვენეციის კომისიის ყოფილი წევრი, ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელიც, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის განახლება შესანიშნავი იდეაა.

კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.