საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO)  დაფუძნების დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO) დაფუძნების დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის ეკონომიკური და ვაჭრობის კომისიის (JETCO)  დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

დოკუმენტის ხელმოწერამდე ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას. ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.