მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო შოკირებულია სტადიონზე მომხდარი აფეთქებით.

„კანადელები შოკირებული არიან მანჩესტერში საზარელი თავდასხმით. გახსოვდეთ, ტრაგედიის მსხვერპლი და მათი ოჯახის წევრები“, - დაწერა კანადის პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

იაპონიის მთავრობამ ასევე დაგმო მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი.

„ეს უღირსი თავდასხმაა. ჩვენ ვერ შევეგუებით ამას. იაპონიის მთავრობა გმობს ამ ტერორისტულ აქტს“, - განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ.

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ სამძიმარი გამოუცხადა ბრიტანელ ხალხს.

„ვწუხვარ, მანჩესტერში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო. სოლიდარობას ვუცხადებთ დიდი ბრიტანეთის საზოგადოებასა და მთავრობას“, - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.