საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩამოვიდა. პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

თურქეთის პრემიერ მინისტრს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მისი მოადგილე დავით დონდუა და თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ.

როგორც თურქეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოდის, რათა დაესწროს თურქეთ-საქართველოს შორის არსებული უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს მეორე სხდომას. მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ პრემიერი საქართველოში შვიდ მინისტრთან ერთად ჩამოდის. როგორც გუმრუქჩუმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას მსგავსი შემთხვევა ძნელად ახსენდება.

”ეს არის სწორედ ორ ქვეყანას შორის არსებული სანიმუშო ურთიერთობების ძალიან კარგი სიმბოლო და ზედმიწევნით კარგი გამოხატულება”, - განაცხადა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ.

მისივე ინფორმაციით, ხვალ გაიმართება სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხლება ყველა ის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს მოიცავს. ელჩის თქმით, ვიზიტის მეორე ფაქტორი გუშინდელ თარიღს უკავშირდება, როდესაც საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი შესრულდა.