მარიამ ჯაში და ილია ნაკაშიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ძი იანჩის შეხვდნენ

მარიამ ჯაში და ილია ნაკაშიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ძი იანჩის შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ილია ნაკაშიძესთან ერთად დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იანჩინსა და ატაშეს, ლიუ ითონგს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით გადაიდგა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლოდროინდელ წარმატებაზე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მარიამ ჯაშის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, პირველ რიგში, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. „მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობა, ბუნებრივია, არ არის განცალკევებული პოლიტიკური, კულტურული და განათლების სისტემის მიმართულებით თანამშრომლობისაგან. ამ პოზიტიური კონტექსტის გათვალისწინებით, ბატონი ელჩის მიერ დასმული საკითხები შეეხო ჩინური ენის პოპულარიზაციის შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში 20 სკოლაში ისწავლება ჩინური ენა არჩევით საგნად, მაგრამ ის არ არის შეტანილი ოფიციალურ უცხო ენათა ჩამონათვალში. მისივე თქმით, რამდენიმე უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით წელიწადში 20 სტუდენტის მომზადება ხდება ჩინური ენის სპეციალობით. „ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დავიწყებთ თანამშრომლობას ჩინური ენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან ეს უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას და ქართველი ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში ქართულ-ჩინური ერთობლივი კომპანიების ფარგლებში", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც გრძელვადიან თანამშრომლობაზე (განათლების სისტემაში უცხო ენის ინტეგრაცია მოითხოვს რამდენიმეწლიან პროცედურებს), ასევე პილოტურ ინიციატივებზე, რომელიც შეიძლება აჭარის განათლების სისტემაში დაიწყოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და რამდენიმე კვირაში გვექნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩინური ენის ინტეგრაცია საქართველოში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.