კონსტიტუციის პროექტის შემოთავაზებული მოდელი ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან საშიშია

კონსტიტუციის პროექტის შემოთავაზებული მოდელი ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან საშიშია

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მოსაზრებით, კონსტიტუციის პროექტის შემოთავაზებული მოდელი ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან საშიშია, - შესაბამისი განცხადება თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს ხვდება. აღნიშნულ შეხვედრაზე კონსტიტუციის ახალ პროექტსა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მის გავლენას განიხილავენ.

”ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ძირითადი მიმართულებაა სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად. პირველი ეს არის გაუგებარი წარმოშობის, გაუგებარი ლეგიტიმაციის და ფუნქცია-უფლებამოსილებების მქონე სხვა შეიარაღებული ძალების შექმნა კონსტიტუციით. ეს არ არის დებულება, რომელიც რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს, მით უმეტეს ნატო-სკენ მიმავალ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი გაწერილია. მეორე ძალიან დიდი პრობლემა უშიშროების საბჭოს გაუქმებას ეხება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მივიღებთ მოდელს, სადაც პრეზიდენტი არაფრის საქმის კურსში არ არის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ხდება და უცებ ერთ დღეს ომი რომ გამოცხადდება, ამის მერე იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი და ის ადამიანი, რომელიც მოდელის მიხედვით არაფრის საქმის კურსში არ არის, უცებ ომის დროს უნდა გახდეს მთავარსარდალი. ეს ხომ ძალიან სასაცილოა! ასე არ ხდება! ეს თავისთავად იწვევს ორხელისუფლებიანობას, იწვევს ისეთი ტიპის ფუნქციების გაჩენას ამა თუ იმ უწყებაში, რომელიც კონსტიტუციურად არ ეკუთვნის, მაგრამ სხვანაირად თავის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს. მერე უკვე მივდივართ კონსტიტუციურ ქაოსამდე. ამიტომ ჩემი აზრით, ძალიან საშიშია ის მოდელი, რომელიც შემოთავაზებულია ქვეყნის სტაბილურობისთვის და უსაფრთხოების ისეთი სისტემის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება განგრძობადი ოკუპაციის რეჟიმში მყოფ ქვეყანას რაიმე ტიპის საშველი უპოვოს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.