ნუ გავაზვიადებთ მაკკეინის შეურაცხმყოფელ გამოხტომებს, ის ცნობილია რუსეთისადმი მანიაკალური ზიზღით

ნუ გავაზვიადებთ მაკკეინის შეურაცხმყოფელ გამოხტომებს, ის ცნობილია რუსეთისადმი მანიაკალური ზიზღით

სენატორ ჯონ მაკკეინის გამონათქვამები ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის მისამართით შეურაცხმყოფელია და ზრდილობის ფარგლებს სცდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მადლობა ღმერთს, ეს ადამიანი არ ქმნის, არ განსაზღვრავს და არ ახორციელებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, მოდით არ გავაზვიადოთ მისი შეურაცხმყოფელი გამოხტომების მნიშვნელობა და არ დავუკავშიროთ რამენაირად ეს რუსეთ-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, „მაკკეინი ცნობილია რუსეთისადმი მანიაკალური ზიზღით“.

„რესპუბლიკელი“ სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „მარიონეტი და პროპაგანდისტია, რომელსაც არაფერი ესაქმება აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში“. აღნიშნულის შესახებ ჯონ მაკკეინმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.