რატომ ატყუებს ავთო საყვარელიძე ბიზნესმენებს?

რატომ ატყუებს ავთო საყვარელიძე ბიზნესმენებს?

ავთო საყვარელიძე, რომელსაც ბადრი წილოსანისთვის წართმეული „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“ 2005 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა, ბიზნესმენებს ატყუებს, რომ ამ ქარხნის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მეორედ გახდა.

17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "თ.ჯ. თრეიდი" ფ/პ ბადრი წილოსანის წინააღმდეგ საქმეზე, ავთანდილ საყვარელიძის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 2008 წელს ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქარხნის 25%-იანი წილის გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად სცნო.

ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთო საყვარელიძე აქტიურად უკავშირდება ბიზნესწრეებს და ატყუებს, რომ მოქმედი ქარხნის საკონტროლო პაკეტი დაიბრუნა, თუმცა საუბარია გაკოტრებულ ქარხანაზე და ამ გაკოტრებული ქარხნის წილის მხოლოდ 25%-ზე.

"თ.ჯ. თრეიდი"-ს, რომლის სასარგებლოდაც დაკაყოფილდა სარჩელი, „ელექტროვაგონშემკეთებლის“ ვალი აქვს 28 მილიონი ლარი, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, თავად "თ.ჯ. თრეიდი"- ს წინააღმდეგ ხორციელდება სააღსრულებო წარმოება 28 000 000 ლარის ამოღების მიზნით. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმდება, როგორც კი "თ.ჯ. თრეიდი"- ს საკუთრებაში გადავა 25%, მაშინვე დაყადაღდება აღსრულების მიერ და თანხა ბადრი წილოსანსა და ქარხანას დაუბრუნდება.

შესაბამისად, სრულიად უცნობია, ამ მოცემულობაში რა მიზნით უკავშირდება ავთო საყვარელიძე ბიზნესმენებს და რა დაპირებებს აძლევს მათ.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ბადრი წილოსანი დააპატიმრა, თავისუფლების სანაცვლოდ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქარხნის წილი, ზეწოლითა და მუქარით დაათმობინა.

სწორედ აქ ჩნდება ავთანდილ საყვარელიძე, რომელმაც 2005 წელს, უპრობლემოდ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის- მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო ქარხნის საკონტროლო პაკეტი.

ამის შემდეგ, საყვარელიძე კომპანიის მეპატრონე ხდება და  ქარხნის მიზანმიმართულ გაკოტრებას იწყებს. საყვარელიძემ რკინიგზასთან საერთო ჯამში 63 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა, ავანსად კი საკმაოდ დიდი თანხები აიღო. შემგომ საყვარელიძემ ბანკებიდან 47 მილიონი ლარის სესხი აიღო და ამ ერთობლივი თანხით, საპასუხოდ გამოუშვა მხოლოდ 19 მილიონი ლარის პროდუქცია.

2008 წელს, ქარხნის გაკოტრების შემდეგ ავთო საყვარელიძე მიდის ბადრი წილოსანთან და ქარხანას სთავაზობს. ბადრი წილოსანმა ერთხელ უკვე ნაყიდი და შემდგომ სახელმწიფოსათვის ნაჩუქარი ქარხნის აქციები, კვლავ შეისყიდა და გაკოტრებული ქარხნის 25%-ში 1 100 000 დოლარი გადაიხადა. ამ პერიოდში ქარხის დავალიანება 70 მილიონს აჭარბებდა.

1 100 000 დოლარის მიღებიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, საყვარელიძე ბადრი წილოსანის წინააღმდეგ იწყებს სამართლებრივ დავას. ის ამბობს, რომ აქციები საკუთარი ნებით არ გადაუცია ბადრი წილოსანისთვის და იძულებით დაათმობინეს. შესაბამისად, ითხოვს თავისთვის 25%-ის გადაფორმების შესახებ ხელშეკრულების გაბათილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშნას უჩენს ბადრი წილოსანის ადვოკატებს და უახლოეს მომავალში მის გასაჩივრებას გეგმავენ.