პარლამენტის წევრებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი

პარლამენტის წევრებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" გრძელდება. პროექტი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება და 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" მიიღეს მონაწილეობა და ხელნაწერ წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში: „ვეფხისტყაოსანი" არის ჩვენი ლიტერატურული, ფილოსოფიური და სულიერი საუნჯე, რომელიც ნამდვილად გვაერთიანებს და მისასალმებელია ინიციატივა, რომელიც კულტურის სამინისტროდან მომდინარეობს. დღეს, ჩვენ, პარლამენტში ვუმასპინძლეთ ხელნაკეთ წიგნს, რომელიც სხვადასხვა უწყებების თანამშრომლების და მსურველების მიერ გადაიწერება.

ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც ხალხის მაქსიმალურ ჩართულობას შეძლებს რუსთაველის 850 წლისთავის აღსანიშნავად."

საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი: „ვეფხისტყაოსანი" ჩვენთვის არის ჩვენი იდენტობის ძირითადი საყრდენი და ჩვენი მენტალობის ქვაკუთხედი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა და ყველას მოვუწოდებ, რომ ამ პროექტში თავისი წვლილი შეიტანოს."

საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი: „რუსთაველი, მთელი თავისი დიდებულებით ბრწყინავს მსოფლიო ლიტერატურის პანთეონში და მისი კიდევ ერთხელ გახსენება, უკეთეს ადამიანებად გვაქცევს ჩვენ თვითონ და ვფიქრობ, ეს პროექტი ამითაც არის მნიშვნელოვანი."

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე: „მიხარია, რომ ასეთი პროექტი არსებობს. ჩვენი საფუძვლების და ჩვენი ქვეყნის კლასიკის აქტუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვარ ამ პროექტის და მინდა ვისურვო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მეტმა ქართველმა შეიტანოს თავისი წვლილი „ვეფხისტყაოსნის" და შოთა რუსთაველის პოპულარიზაციაში."

პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო. მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნის, „ვეფხისტყაოსანის" გადაწერა საზეიმოდ, 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.