უმცირესობა უმრავლესობას თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს

უმცირესობა უმრავლესობას თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას თორდია-ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

კონსულტაციების დაწყების წინადადებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სერგო რატიანი გამოვიდა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და თავად ითხოვს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“ეს არის პარლამენტის ღირსების საქმე - ეს არის გამოწვევა პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანის პასუხად ბიუროს სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პარლამენტისთვის, თუმცა კოლეგებს გონივრულ ვადებში გამოძიებისთვის დალოდება შესთავაზა. ამასთან, ძიძიგურმა ისიც აღნიშნა, რომ კონსულტაციებისთვის კარი დახურული არ არის.

გასული კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა უმცირესობის მიერ შეთავაზებული დადგენილების პროექტი განიხილა, რომელიც შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისის შექმნას ითვალისწინებს. საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ დამდგარა. გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.