„რესპუბლიკელი“ სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „მარიონეტი და პროპაგანდისტია, რომელსაც არაფერი ესაქმება აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში“.
აღნიშნულის შესახებ ჯონ მაკკეინმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი რამე ვიცი: ლავროვი მკვლელის და ავაზაკის მარიონეტია, რომელმაც რუსული მაღალი სიზუსტის შეიარაღება გამოიყენა ალეპოში საავადმყოფოებზე დარტყმების მისატანად, რომელიც ადამიანის უფლებებს თელავდა მთლიანად რეგიონში, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი წაართვა. ის ავაზაკივით იქცეოდა და მას არაფერი ესაქმება ოვალურ კაბინეტში. გარკვეულ გარემოებებში დასაშვები იქნებოდა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, მაგრამ არა მარიონეტ ლავროვთან. ის მხოლოდ პროპაგანდისტია“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
სერგეი ლავროვი აშშ-ში, 10-13 მაისს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო.