შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
თორდია შსს-ს მიერ მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, კადრებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პირველმა მასზე თავდასხმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.
„საზოგადოებამ რამდენიმე წუთის წინ იხილა ვიდეოკადრები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი. როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია , თითქოს მე დავარტყი ხელი პირველმა ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, არ ყოფილა მომენტალური გადაკვეთა. კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ, როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას. მინდა ცალსახად განვაცხადო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა, თუმცა ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე კიდევე ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია“, - განაცხადა თორდიამ.