ქართული საპარლამენტო დაგნარის ისტორიიდან (მეორე ნაწილი)

ქართული საპარლამენტო დაგნარის ისტორიიდან (მეორე ნაწილი)

უნდა ითქვას, რომ შალვა ნუცუბიძის მიმართ ბობოლა ფუნქციონერის მიერ გამოვლენილი აგრესია შემთხვევითი არ იყო და იგი ემოციურ აფეთქებას არ მოჰყოლია შედეგად.

საერთოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორი, გერმანიაში ფილოსოფიურ განათლებამიღებული შალვა ნუცუბიძე დამფუძნებელი კრების არსებობის თითქმის ორწლიან პერიოდში ნამდვილ თავის ტკივილად იქცა მმართველი გუნდისთვის. ის იყო ფრიად განათლებული, ეფექტური გარეგნობის მქონე მამაკაცი, გამოირჩეოდა დახვეწილი იუმორით (უფრო სარკაზმით) და ორატორული ხელოვნებით. ტრიბუნაზე მისი ყოველი ასვლა ნამდვილ მოვლენას წარმოადგენდა საკანონმდებლო ორგანოში. დარბაზში მსხდომი დეპუტატები მაშინვე წყვეტდნენ ყოველგვარ მოძრაობას და სუნთქვას იკრავდნენ, რომ არცერთი სიტყვა არ გამოპარვოდათ. ამ დროს ფედერალისტები სიამაყით უმზედნენ საკუთარ ფალავანს, სოციალ-დემოკრატები კი ბრაზით და ცდილობდნენ, ადგილიდან შხამიანი რეპლიკებით შეეშალათ მისთვის ხელი. თვითონაც ინტელიგენტური წარმოშობის ეროვნულ-დემოკრატები (ბოლო-ბოლო, მათ ფრაქციაში ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო ნიკოლაძე ირიცხებოდნენ) პროფესიული ინტერესითა და ერთგვარი შურით იყვნენ გამსჭვალული ორატორის მიმართ, რომელიც ტრიბუნიდან დაუნდობლად აცამტვერებდა ოპონენტებს.

შალვა ნუცუბიძის მჭევრმეტყველება გასაოცარი სულაც არაა, თუ გავიხსენებთ მისი ბიოგრაფიის ცნობილ პასაჟს, როდესაც თვით გრიგოლ რობაქიძემ დაიხია უკან და უარი განაცხადა 19 წლის მეტოქესთან დისპუტზე. იმ დროისათვის აღიარებულმა მწერალმა ეს გარემოება ოპონენტის ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით გაამართლა (ვითომ, ღლაპთან კამათი როგორ ვიკადროო), თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ იგი გაწბილებას მოერიდა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის ინტელექტუალს დამფუძნებელ კრებაში თავმოყრილი სოციალ-დემოკრატიული ნაყარ-ნუყარი (ძირითადად, გაუნათლებელი ან ზედაპირულად წიგნიერი, კატორღაში ნათროკიალები ძველი რევოლუციონერები), სათანადო ოპონირებას ვერ უწევდნენ. სხვა თვისებებთან ერთად, შალვა ნუცუბიძე ამაყი, უტეხი ხასიათითა და ერთგვარი უკმეხობითაც გამოირჩეოდა. გრძნობდა რა თავის ინტელექტუალურ აღმატებულობას, იგი ქედმაღლურად უცქერდა მოწინააღმდეგეებს და მათი გათახსირების ჟინით შეპყრობილი ხშირად გადადიოდა საჯარო დისპუტის დროს დასაშვებ ზღვარს. მისი საპარლამენტო გამოსვლების საუკეთესო ნიმუშები სავსეა სარკასტული, ზოგჯერ ოპონენტის პიროვნული ღირსების შემლახავი პასაჟებით, რასაც მუდამ თან სდევდა ხოლმე ტაში და ჰომერული ხარხარი ოპოზიციონერ დეპუტატთა ფლანგზე. სამაგიეროდ კბილების ღრჭიალი და შიგადაშიგ გინება ისმოდა უმრავლესობის წარმომადგენელთა შორის.

სანამ სოციალ-დემოკრატების ფრაქცია ერთიანი და შეკრული იყო, ფედერალისტთა მტკივნეულ ჩხვლეტებს არ იმჩნევდნენ (აქაოდა, იყაყანონ, სხვა რა დარჩენიათო). ”პროჟორდანისტებს” ხმათა უმრავლესობით მაინც გაჰქონდათ მათთვის სასურველი ყველა წინადადება. თუმცა, 1920-1921 წლების მიჯნაზე სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა. იმ დროისთვის მმართველ ფრაქციაში თავი იჩინა რღვევის ნიშნებმა და ხუთი წევრი დემონსტრაციულად გამოეყო მის რიგებს (”ღალატის” გამო ერთ-ერთი განდგომილი, კირილე ნინიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მინისტრობის კანდიდატი იყო, საგანგებო რაზმის წევრებმა ოჯახთან ერთად ბინიდანაც კი გამოასახლეს). მათ დააარსეს გაზეთი ”ახალი სხივი” და შეუდგნენ მთავრობის კურსის სასტიკ კრიტიკას (აქედან - სახელწოდება ”სხიველები”). მართალია, ”რენეგატთა” წასვლის შემდეგ სოციალ-დემოკრატებს უმრავლესობის პრობლემა არ შექმნიათ (ზემოთაც აღვნიშნე, ისინი 104 დარჩნენ, მაშინ, როდესაც მთელი ოპოზიცია ერთად აღებული სამ ათეულს არ არემატებოდა), მაგრამ ერთობის რღვევის ამგვარმა დემონსტრირებამ ფსიქოლოგიურად იმოქმედა მათზე. მმართველი გუნდის ნერვიულობა ოპონენტების მიმართ აგრესიულობისა და შეუწყნარებლობის ზრდით გამოიხატა. დღევანდელი პარლამენტის მსგავსად, საუკუნის წინანდელი ქართველი კანონმდებლების საქმიანობაშიც შეუნიღბავად იგრძნობოდა ჯიბრის ელემენტი. რაც უნდა სიმართლე ეთქვა ოპოზიციას, როგორი ლოგიკით, არგუმენტებითა და სტატისტიკური მონაცემებით უნდა დაემტკიცებინა საკუთარი პოზიციის მართებულობა, გადაწყვეტილება მაინც ისეთი იყო, როგორსაც წინა დღით მიიღებდნენ უმრავლესობის ფრაქციაში (ოპონენტები მას ირონიულად ”ქვედა პალატასაც” ეძახდნენ).

1920-1921 წლების მიჯნაზე შალვა ნუცუბიძემ რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიაყენა ხელისუფლებას. მან მწვავედ გააკრიტიკა სამთავრობო პოლიტიკა და მისი წარმომადგენლების აღვირახსნილი საქციელი, რომლებიც სამუშაო დროის დიდ ნაწილს ღრეობაში ატარებდნენ. ბენია ჩხიკვიშვილთან დაკავშირებით ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. 1921 წლის იანვარში შალვა ნუცუბიძემ დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან საქვეყნოდ გაახმაურა სკანდალური ფაქტი, თუ როგორ აღმოუჩინეს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს სახლში ნაპარავი ერთი ტომარა ფქვილი. როგორც გამოირკვა, სასურსათო უწყების თანამშრომელმა, ვინმე ჩიკვაიძემ დევნილებისათვის განკუთვნილი რამდენიმე ათეული ტომარა ფქვილი მიითვისა და ნაწილი მის კეთილისმყოფელს ბინაზე მიართვა. საქმის ”გაბაზრების” შემდეგ, არსენიძის პროტექციის მიუხედავად, ჩიკვაიძე სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო თავად მინისტრს პარტიულმა ძმებმა ”შინაურულად” გაურჩიეს საქმე ”ქვედა პალატაში”. როგორც ახლა, არც მაშინ იმალებოდა არაფერი და საზოგადოებამ შეიტყო, რომ რაჟდენ არსენიძე პარტიის შერცხვენისთვის კულუარულ შეხურებას დააჯერეს, თუმცა საჯაროდ ამის თაობაზე არაფერი თქმულა.

შალვა ნუცუბიძე არ დაცხრა და ცდილობდა, ამ საქმიდან უფრო დიდი სკანდალი აეგორებინა. მან ჯერ ”სახალხო საქმეში” გამოაქვეყნა წერილი, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან ფაქტის შესასწავლად საგანგებო დროებითი კომისიის შექმნა მოითხოვა. ოპონენტების გამოსაწვევად იგი იმაზეც კი იყო თანახმა, რომ საკითხის გარკვევამდე სადეპუტატო უფლებამოსილება მოეხსნა და, ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.

სოციალ-დემოკრატებმა ეს ჩანაფიქრი იოლად გაშიფრეს და საქმე ჩვეული მეთოდით მიაფუჩეჩეს (ლომის და კატის არ იყოს, აბა საკუთარ მინისტრს ხომ არ დასჯიდნენ).

მოუსვენარი ფილოსოფოსი არ დაცხრა და მალე ახალი შარი აიკიდა. თუ მანამდე იგი მინისტრებზე, დეპარტამენტების უფროსებზე, დამფუძნებელი კრებისა და თბილისის საქალაქო თვითმართველობის წევრებზე ხარჯავდა ღვთისგან ბოძებულ სატირას, 1921 წლის 18 იანვარს ყველა ”დასაშვები” ზღვარი გადალახა და თვით სოციალ-დემოკრატიის უზენაეს გურუს, თვალშეუვალ და ხელშეუხებელ ნოე ჟორდანიას გაუბედა შეკამათება. შეკამათება კი არა, ფედერალისტების ციცერონმა სოციალ-დემოკრატების დემოსთენეს ადგილიდან კაი მაგარ-მაგრები აკადრა და არაკომპეტენტური საკადრო პოლიტიკა დაუწუნა. მეტიც, მან მთავრობის თავმჯდომარეს ორი ისეთი დარგის (ეკონომიკა და განათლება) გაპარტახება დასდო ბრალად, რომელში გატარებული რეფორმებითაც ჟორდანია განსაკუთრებით ამაყობდა (დიდება შენდა, უფალო, რა ვიდეოჩანაწერის სიზუსტით მეორდება ჩვენი არდასავიწყებელი ისტორია). შალვა ნუცუბიძის ”კადნიერება” იქამდე მივიდა, რომ ქართული დემოკრატიის მამას რჩევა მისცა, ჩემი ნათქვამის თუ არ გჯერა, ამ დღეებში დასრულებული მასწავლებელთა ყრილობის რეზოლუცია წაიკითხე და თვითონვე დარწმუნდებიო. დეპუტატის ”თავხედობით” გაოგნებული ჟორდანია იმდენად აღელდა, რომ ენა დაება (იგი ისედაც უკიდებდა ცოტას) და ბორძიკით უპასუხა: უ-უკვე წ-წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ მ-მასწავლებლებს უფრო ნაკლებად შ-შეუგნიათ საერთო მდგომარეობის სირთულე, ვ-ვიდრე მუშებსო.

შალვა ნუცუბიძის მიერ მთავრობის თავმჯდომარისთვის სიტყვის პირში შეტეხვა უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა სოციალ-დემოკრატების მოთმინების ფიალაში...

+ + +

ზემოთ აღნიშნულ ინცინდენტს საინტერესო რეზონანსი მოჰყვა, რომლის თაობაზეც პერიოდული ინფორმაციები ქვეყნდებოდა დაპირისპირებული პარტიების მთავარ ბეჭდვით ორგანოებში - ”სახალხო საქმე” და ”ერთობა”.

იმავე პირველ თებერვალს, საღამოს, ფედერალისტთა ცენტრალური ბიუროს დარბაზში საზეიმო პარტიული კრება იყო დანიშნული ერთა ლიგის ქვეყნების მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ”დე იურე” ცნობასთან დაკავშირებით. სწორედ იქ შეიტყვეს მონაწილეებმა სამსონ დადიანისგან მომხდარის შესახებ, რამაც უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. კრებამ დაუყოვნებლივ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თანადგომა გამოუცხადა დაზარალებულ თანაპარტიელს და აირჩია ოთხი დელეგატი, რომლებმაც იმავე საღამოს ბინაზე მოინახულეს შალვა ნუცუბიძე.

მომდევნო დღეს საგანგებო შეკრება გაიმართა დამფუძნებელი კრების ფედერალისტთა ფრაქციასა და გაზეთ ”სახალხო საქმის” რედაქციაში, რასაც ახალი აღშფოთებული რეზოლუციები მოჰყვა ბენია ჩხიკვიშვილის აღვირახსნილი საქციელის გამო.

ასევე, საგანგებო კრებები გაიმართა ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც ფედერალისტთა პარტიული ორგანიზაციები არსებობდა. განსაკუთრებით მასშტაბური პროტესტი გამოხატეს ტრამვაის სახელოსნოს მუშა-მოსამსახურეებმა.

”სახალხო საქმეში” რეგულარულად ქვეყნდებოდა საქართველოსა თუ რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული მხარდამჭერი დეპეშები (მაგალითად, საგანგებო წერილი გამოაგზავნეს მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა). ფრიად დამახასიათებელია იმავე გაზეთში დაბეჭდილი სტუდენტ ალექსანდრე ინაშვილის პატარა გამოხმაურება, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: ”ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პატივცემული პროფესორი კვლავ ჩვეული ენერგიით განაგრძობს ბრძოლას სიბნელისა და პოლიტიკური მუშაობის წინააღმდეგ.სალამი და დღეგრძელობა პროფესორს შ. ნუცუბიძეს. ზიზღი და შეჩვენება დეპუტატ ბ. ჩხიკვიშვილს”.

დაზარალებული კოლეგა ბინაზე მოინახულეს უნივერსიტეტის რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანმა ივანე ჯავახიშვილმა.

ფედერალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა თბილისის საერთო განათლების კურსების მსმენელთა კრებამ. რამდენადაც გასაოცრად უნდა ჟღერდეს, ფრაქციის თავმჯდომარე გრიგოლ რცხილაძეს თავისი პარტიისა და გაზეთ ”აშხატავორის” სახელით სოლიდარობა დამფუძნებელი კრების წევრმა, დაშნაკმა ტერ სტეფანიანმაც გამოუცხადა.

2 თებერვალს საკმაოდ მრავალრიცხოვანი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. დემონსტრანტებმა ფედერალისტთა პარტიული დროშების ფრიალით გაიარეს გზა ვარაზისხევიდან სასახლემდე. მათთან შესახვედრად აივანზე სპეციალურად გამოვიდა დეპუტატი შალვა ალექსი-მესხიშვილი. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, გაამხნევა ისინი და მოუწოდა, ექსცესების გარეშე დაშლილიყვნენ, რათა პოლიტიკურმა ოპონენტებისთვის ჩირქის მოცხების შესაძლებლობა არ მიეცათ.

სტუდენტთა აქცია საგანგებო შარჟის თემად აქცია სოციალ-დემოკრატების ”ერთობამ”. ამ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში გაბიაბრუებული იყო დემონსტრაციის მასშტაბიცა და მიზანდასახულობაც. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავდა - უნივერსიტეტში კრება სტუდკავშირს არ მოუწვევია (ჰმ, კიდევ ერთი გასაოცარი პარალელი თანამედროვეობასთან) და ფედერალისტთა მომხრეების გასვლის შემდეგ დარბაზში 300 ახალგაზრდა დარჩაო. ”ერთობის” მტკიცებით, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა და პარტიული ელიტის მიერ მართულმა სტუდენტებმა, რომლებსაც სკანდალის აგორება სურდათ, გზაში უნივერსიტეტიდან სასახლემდე მოტყუებით აიყოლიეს ხალხი, რომ აქცია მრავალრიცხოვანი გამოჩენილიყოო.

საერთოდ, პრესამ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მომხდართან დაკავშირებით მაქსიმალურად დაძაბა სიტუაცია. გაზეთებში ზედიზედ გამოქვეყნდა დრამატული სათაურის მქონე სტატიები და ნიუსები (მაგალითად: ”მუშტის აპოლოგია”, ”ველურ თავდასხმის გამო”, ”ჩხიკვიშვილის სიცრუე”, ”უძლურების სიბრაზე”, ”ახმაურდნენ” და ა.შ.), რომლებშიც დაპირისპირებული მხარეები უკომპრომისოდ იცავდნენ საკუთარ პოზიციას და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ოპონენტებს. ყველა ამგვარი ”მარგალიტის” ციტირება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ცდუნებას ნამდვილად ვერ გავუძლებ, რამდენიმე დამახასიათებელი, საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტი არ შემოგთავაზოთ:

პირველი ციტატა: ”ვინ არის ბენია? ბენია გახლავთ ყოფილი რევოლუციონერი, ყოფილი კატორღელი და დღეს კი მენშევიკების ერთი ლიდერთაგანი, ამ პარტიის მიერ უხვად დაჯილდოვებული და ამიტომ მეტად გათავხედებული ქარაფშუტა პიროვნება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს 1905 წლის ბენია ჩხიკვიშვილთან, იმ ბენიასთან, რომელიც შეძლებისდაგვარად იმ ხანებში ემსახურებოდა რევოლიუციის საქმეს. დღეს ბენია არის პირწავარდნილი კარიერისტი, მუქთ სადილ-ვახშამზე გამოქნილი ტოლუმბაში და ს.-დ. ფრაქციის სახელოვანი ფალავანი. მისი პიროვნების დასახასიათებლად მეტი არ იქნება აღვნიშნოთ, რომ ის ბათომის ოლქის შემოერთებისთანავე გაგზავნილი იყო იქ, როგორც ჩვენი მთავრობის საგანგებო კომისარი, რომელმაც ისე არივ დარია იქაური საქმეები, რომ ვინ იცის რით გათავდებოდა მისი კარიერა, დროზე რომ არ გამოეწვიათ იქიდან. ხოლო მისი მოღვაწეობა, როგორც სატახტო ქალაქის თავისა, ყველა ჩვენგანისთვის იმდენად ცნობილია, რომ მასზე არ შევჩერდებით” (”სახალხო საქმე”, 1921 წლის 5 თებერვალი).

მეორე ციტატა: ”ფედერალისტები მეტად ახმაურდნენ და მეტად გააზვიადეს, მე ვიტყვი, უბრალო უსიამოვნო შემთხვევა. და ამ ახმაურებამ და საქმის გაზვიადებამ იქომამდის მიიყვანა ფედერალისტები, რომ ძლიერ დიდი პოლიტიკური მოღვაწის სახელის ტალახში ამოსვრა მოინდომეს. დიაღ, დიდი მოღვაწის!

ამხ. ბენიასთანებმა ქართველი ხალხი დამფუძნებელ კრებამდის მიიყვანა! მათ აქციეს ქართველი ხალხი დამოუკიდებელ ერათ, თავისი შრომით, ნერვებით და სისხლით. მათ შეიყვანეს ქართველი დემოკრატია მეფის სასახლეში.

ბენია პოლიტიკური კატორღელია! დღეს კი გამომდგარან და ასეთი კაცის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოგდებას ლამობენ. თავხედობა ამაზე შორს ვეღარ წავა!

ბენია ქართველ დემოკრატიამ წარგზავნა თავის უზენაეს დაწესებულებაში გულითადი მადლობის აღსანიშნავად და დემოკრატიის ჩარხის სატრიალებლად...

ბენიას სახელის გატეხვის სურვილით ფედერალისტები ქართველი დემოკრატიისგან პარტიულ კაპიტალს ვერ შეიძენენ და, მე ვფიქრობ, ქართველ დემოკრატიის ოჯახში შალვა ნუცუბიძის სახელს, თუ გინდ დიდი პროფესორი იყოს იგი, ბენიას სახელს ვერ დაუპირისპირებენ.

ქართველ ”დემონსტრანტ” სტუდენტებს კი ვეტყვი: მოვა დრო, დავაჟკაცდებით, პოლიტიკურად მომწიფდებით, საქართველოს ახლო წარსულს დაკვირვებით გაეცნობით და ბენიას შეურაცხყოფას მოინანიებთ, რამეთუ ქართველი სტუდენტის სახელი თქვენ ბენიასთანებმა მოგანიჭესთ” (”ერთობა”, 1921 წლის 10 თებერვალი).

საკმაოდ ემოციური ტონით იყო დაწერილი ”აღშფოთებული მანდილოსნის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი - ”ქართველი ქალის ხმა”. უცნობი ავტორის თქმით, ჯობდა ბენია ჩხიკვიშვილს სილა გაეწნა ან ტყვია დაეხალებინა შალვა ნუცუბიძისთვის, მაგრამ მან შეგნებული აქტი ჩაიდინა, რათა მისთვის თვალი ამოეთხარა. ”ბენიას სურდა თვალის ამოთხრა, იმ მამხილებელი თვალის, რომელიც ყველაფერს ხედავს და მთავრობის პოლიტიკის ბნელ კუნჭულება ამზეურებს”-ო - აღნიშნავდა ავტორი.

 

(დასასრული იქნება)