ლაშა თორდია: ოთარ ფარცხალაძეს პირდაპირ დაუკმაყოფილა მერიამ ყველა ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა

ლაშა თორდია: ოთარ ფარცხალაძეს პირდაპირ დაუკმაყოფილა მერიამ ყველა ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა, თბილისის მერიაში დაუკმაყოფილეს.

ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მერიასა და ფარცხალაძეს შორის კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებულ მასალებსაც მალე გაასაჯაროებს.

„ჩემი პრიორიტეტი არის ოთარ ფარცხალაძის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავება. ჩემი პრიორიტეტი არ არის წუწუნი ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს სხვა მიდრეკილებებზე და ა.შ. მე მზად ვარ ამაზე ვისაუბრო მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვიხილავ იქ, სადაც მისი ადგილია. მე ამ დღეებში უბრალოდ ვერ შევძლებ პრესკონფერენციის ჩატარებას, ვინაიდან ექიმებმა ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს და მითხრეს, რომ ცუდი შედეგები მოჰყვება, თუ გონებრივი დატვირთვა მექნება და ვივლი. ნამდვილად არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის გულისთვის საფრთხის ქვეშ დავიყენო თავი, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება გამოტანილი საჯაროდ, მოვამზადებთ კარგად და ყველაფერს კარგად აგიხსნით... კორუფციული გარიგება ეხევა ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებას და შემდეგ, სადაც ჩაანაცვლა იქ კიდევ დამატებით... ფაქტობრივად პირდაპირი წესით მოხდა ყველაფერი, რადგან პირდაპირ დაუკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც მან მოითხოვა მერიაში და გადასცეს მიწის ნაკვეთები. არც ერთი გოჯი მიწა მისი შრომით, მისი დაზოგილი თანხებით არ არის. ამას ყველაფერს გამოვააშკარავებთ“, - აღნიშნა თორდიამ.