გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

NDI-ის კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით რეიტინგის კლების მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 14% საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 44% - კარგად, 23% - საშუალოდ, 6% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის რეიტინგი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2015 წლის აპრილის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად ჯამში 75% აფასებდა, წელს ამ მაჩვენებელმა 58% შეადგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.