ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონის განცხადებას იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
„ისრაელის პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული და არაორაზროვანი იყო: ისრაელში აშშ-ის საელჩო იერუსალიმში უნდა იყოს გადატანილი. ჩემი მოსაზრება აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსოფლიო ლიდერებთან არაერთხელ დავაფიქსირე“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანა ზიანს არ მიაყენებს სამშვიდობო პროცესს.
„აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანა ზიანს არ მიაყენებს სამშვიდობო პროცესს. პირიქით, ის ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესს ისტორიული უსამართლობის გამოსწორებითა და პალესტინელების ფანტაზიის დამსხვრევით იმის თაობაზე, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი არ არის“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ.
„პრეზიდენტის ამ საკითხისადმი მიდგომა ძალიან ფრთხილია. მას სურს გაიგოს თუ რა გავლენას მოახდენს სამშვიდობო პროცესზე ამგვარი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპმა პირობა დადო, 1995 წლის „იერუსალიმში საელჩოს შესახებ კანონს“ აამოქმედებდა. აღნიშნული კანონი ბილ კლინტონის ადმინისტრაციისას იქნა მიღებული და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერრუსალიმში გადატანას ითვალისწინებს.