ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ არეულობის ინსპირირების მცდელობას შესაბამისი რეაგირება ექნება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს სოფელ ხანდოსხევში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მიმართვა გაავრცელა:
"მივამრთავ ამ პროცესების უკან მდგომებს - შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. გადამცემი ხაზი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და რეგიონისთვის კონკრეტულად. ჩვენ ადგილიბრივ მოსახლეობასაც, საზოგადოებასაც არაერთგზის ავუხსენით ამ ობიექტის უსაფრთხოება და სრული შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან.
პირადად მე არაერთხელ ვიყავი ჩასული ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ ჰქონია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან რაღაც ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას", - განაცხადა ელოშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული უნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ:
"რაც შეეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ - მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და კიდევ რამე კითხვის ნიშნები თუ არსებობს - ჩვენ არგუმრნტებს მივაწვდით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს - ეს საზოგადოებამ განსაჯოს ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან. მივამრთავ ამ პროცესების უკან მდგომებს - შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.