ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე

ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. აღნიშნულის შესახებ ბორის ჯონსონმა Daily Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.„ვფიქრობ, ეს რეალურია“, - განაცხადა მან დასმულ კითხვაზე პასუხისას. 

ბორის ჯონსონმა ასევე გაიხსენა გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მიერ აშშ-ში და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ. 

„ჩვენთვის აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს გააკეთა აშშ-ში და საფრანგეთში“, - აღნიშნა ჯონსონმა. 

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი დიდი ბრიტანეთის დასუსტებაშია დაინტერესებული. 

„პუტინი, რა თქმა უნდა, გახარებული იქნება თუ ბრიტანეთის თავდაცვა დასუსტდება, თუ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად აქტიური იქნება, თუ ჩვენ დავშორდებით აშშ-ს“, - დასძინა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს გაიმართება.