გამოკითხული ამერიკელების თითქმის ნახევარი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებას არ ეთანხმება

გამოკითხული ამერიკელების თითქმის ნახევარი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებას არ ეთანხმება

გამოკითხული ამერიკელების თითქმის ნახევარი არ მიესალმება გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებას. აღნიშნულს კვლევითი კომპანია Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს. 

Gallup-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯეიმს კომის გადაყენებას უარყოფითად უყურებს გამოკითხული ამერიკელების 46%, ხოლო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რესპონდენტთა 39%-მა. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 15%-ს არ დაუფიქსირებია თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. 

პარტიული კუთვნილებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კი ცხადყოფენ, რომ გამოკითხული „რესპუბლიკელების“ 79%-მა მოიწონა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ხოლო გამოკითხული „დემოკრატების“ 78%-მა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯი. 

10 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო - “ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია”. 

„მე მივიღე მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაში.