ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი

ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი

ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების პრესისადმი ერთობლივი მიმართვისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთში წლების წინ მისი პირველი სტუმრობა გაიხსენა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

”ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა სტუმრობა ესტონეთში - საქართველოს ერთგულ მეგობარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ესტონეთში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა მანამდე არაერთხელ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში. ესტონეთს პირველად 31 წლის წინ ვესტუმრე, როდესაც საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი. სამი წელი გავატარე აქ და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სულისკვეთებამ, რომელიც აერთიანებდათ ესტონელებსა და ქართველებს - დამოუკიდებლობის სულისკვეთებამ. პირველ რიგში, გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, რომლის ფუნქციების შესრულებას თქვენ ახლო მომავალში დაიწყებთ. ეს არის გამოწვევებით აღსავსე ამოცანა, რომელიც თქვენ გეკისრებათ ევროკავშირისთვის გადამწყვეტ პერიოდში. შესაბამისად, გისურვებთ წარმატებას ერთიანი ევროპის შესახებ ჩვენი საერთო ხედვის ხორცშესხმაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ესტონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია და ამ მხარდაჭერისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე.

”ჩვენ მივესალმებით ესტონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს თქვენი მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ბრიუსელში, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მოიტანს პრაქტიკულ შედეგებს და, ამავე დროს, დასახავს ჩვენი ურთიერთობების განვითარების შესახებ მომავალზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ხედვას.

ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ამ მხარდაჭერისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება კი გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ რთულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ურყევი გადაწყვეტილებაა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურება, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ევროკავშირთან ასოცირების ყველა პრაქტიკული სარგებელი.