ელჩი საქართველოს პრემიერის ამერიკაში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს

ელჩი საქართველოს პრემიერის ამერიკაში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში წარმატებულად აფასებს და წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

ელჩმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ "ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა უწყებაში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა და პირისპირ შეხვდა პრეზიდენტს, ადასტურებს, რომ აშშ-ის ეს ადმინისტრაცია, წინამორბედის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობას უფრთხილდება.

"შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ურთიერთობა მყარია და ადმინისტრაციათა ცვლილება მას არ ეხება. აშშ საქართველოს საიმედო მეგობარია, ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მიმაჩნია, რომ ეს იმ სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია, ვითარდება",- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, "შეერთებული შტატები საქართველოს საიმედო მეგობარია, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

"წლების გასვლასთან ერთად, ეს ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მეგობრები კონგრესში. ის, რომ კონგრესის წერილში საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა გამოხატული, კიდევ ერთი ნიშანია იმ მძლავრი თანადგომის, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ ყოველთვის გააჩნდა. აღნიშვნის ღირსია, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უკანასკნელი საბიუჯეტო კანონის განხილვისას სრულიად გარკვევით დააფიქსირეს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს, აშშ-ის ფინანსური დახმარება მიიღონ ქვეყნებმა, ან ორგანიზაციებმა, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებენ. ეს ღირშესანიშნავი გარემოებაა და ამავე დროს, იმ ტენდენციის გაგრძელება, რაც აშშ-ისა და საქართველოს 25-წლიან თანამშრომლობას ახლავს",- განაცხადა ელჩმა.

საქართველოს პრემიერი ამერიკაში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.