საქართველოში ადვოკატებმა ძალიან რთული წლები გამოიარეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შევქნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება უზრუნველყოფილი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ადვოკატები როგორც საქართველოშო, ასევე ყველა სხვა ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ასევე ხელისუფლების გაწონასწორების თვალსაზრისით.
”ადვოკატის პროფესიას დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში ადვოკატებმა ძალიან რთული წლები გამოიარეს. მათ ხშირად ძალიან დიდი რისკის ფასად უწევდათ ადამიანის უფლებების დაცვა და ზრუნვა დემოკრატიული ფასეულობების დაცვაზე, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ შევქმნათ ყველა პირობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ადვოკატების გარანტიები იზრდება.
”საუბარია მნიშვნელოვან დამატებებზე საქართველოს კონსტიტუციაში. ძირითადი უფლებების რანგშია აყვანილი უკვე ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და ასევე ადვოკატთა თვითორგანიზება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე შეკრებილ ადვოკატების მიმართ საკანონმდებლო ორგანოს სახელით მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” მეორე საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობას საქართველოს, ბალტიისა და დსთ-ს ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები იღებენ. კონფერენციის გახსნას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.