აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სინამდვილეში მე მინდა, რომ გამოძიება დაჩქარდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯეიმს კომის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობა არ იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არც მას და არც თეთრი სახლის რომელიმე წარმომადგენელს არ უთხოვია ჯეიმს კომისთვის უარი ეთქვა გამოძიების ჩატარებაზე.
„თუ რუსეთი ან ვინმე სხვა ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას, ვფიქრობ, ეს საშინელებაა და მე მსურს საქმის არსს ჩავწვდე და ვუზრუნველყო, რომ მსგავსი რამ არასოდეს მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ არც ის და არც მისი წინასაარჩევნო შტაბი „რუსებთან საიდუმლო კონტაქტებში არ შესულა“.
მისივე თქმით, რუსეთს არანაირი გავლენა არ მოუხდენია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.