ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს და ბელარუსის სახელმწიფოებს შორის წლების განმავლობაში არსებული სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხარეებმა მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სამედიცინო, IT-ტექნოლოგიების, სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის პერსპექტივებსა და სხვა ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოსა და ბელარუსში არსებული ბიზნესგარემო, მისი პოტენციალისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

ირაკლი კოვზანაძემ და მიხეილ მიატლიკოვმა ისაუბრეს მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო და სამთავრობო ორმხრივ ვიზიტებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ბელორუსის საპარლამენტო ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გააქტიურებას.