იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საპარლამენტო კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში", რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წლის ივლისში შესული ცვლილებების შემდეგ, ასეთი ტიპის ანგარიში პირველადაა შემოსული პარლამენტში და ეს ახალი სტანდარტი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტად საკონტროლო -საზედამხედევლო ფუნქციის გათვალისწინებით.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, გაეროს კომიტეტების აღსრულების მექანიზმი საერთოდ არ იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული და 2016 წელს განხორციელებული ცვლილების შემდეგ სამართლებრივად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეროვნულ სასამართლოებში მოითხოვონ ამ გადაწყვეტილებების აღსრულება, რითიც მკვიდრდება ახალი პრაქტიკა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ გაეროს კომიტეტების მიერ გამოტანილია მხოლოდ ორი აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ესენია: 2005 წლის 21 ივლის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ" და 2015 წლის 13 ივლისს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „X და Y საქართველოს წინააღმდეგ".

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, გაეროს კომიტეტმა „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიუთითა მომჩივანისთვის კომპენსაციის მინიჭების ვალდებულების თაობაზე. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას საქმეზე „X და Y საქართველოს წინააღმდეგ", გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კონვენციის ცალკეული ნორმები, ასევე კომიტეტის ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. კომიტეტმა სახელმწიფოს მიუთითა მომჩივანთათვის კომპენსაციის მინიჭების ვალდებულებასა და სხვა ზოგადი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ზოგად ღონისძიებებზე ისაუბრა.

გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შოთა რატიანმა 2016 წლის 2 აგვისტოს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარაციულ საქმეთა კოლეგიას კომპენსაციის მინიჭების მოთხოვნით. 2017 წლის 28 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შოთა რატიანს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიეკუთვნა 10 000 ლარი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ არ არის შესული.

ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორებმა საქმეზე „X და Y საქართველოს წინააღმდეგ", 2016 წელს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამ ეტაპზე სარჩელის განხილვა განხილვის პროცესშია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა.

იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა მიიჩნიეს, რომ ანგარიშის ფარგლებში წარმოდგენილი ინფრომაცია შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.