ქართული საპარლამენტო დაგნარის ისტორიიდან ( პირველი ნაწილი)

ქართული საპარლამენტო დაგნარის ისტორიიდან ( პირველი ნაწილი)

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მუშტების ქნევა და დედ-მამის გინება უცხო ხილი ნამდვილად არაა. თუმცა, რატომ მხოლოდ ქართულის? საკანონმდებლო ორგანოს წევრი სახალხო რჩეულები არაერთ ქვეყანაში გამოირჩევიან თავშეუკავებული ქცევით. საინფორმაციო სიუჟეტებში პერიოდულად ვუცქერთ ხოლმე სასეირო სცენებს ინგლისის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, რუსეთის, საბერძნეთისა და კიდევ არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა ხულიგნური საქციელის შესახებ, რომლებიც ხან კვერცხებს ესვრიან ერთმანეთს, ხან ფეხსაცმელს, ხან ტრიბუნის ბლოკირებას ახდენენ და ოპონენტებს სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის უკონკურენტოდ სკანდალურ ფიგურას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დუმაში დაბერებული ვლადიმირ ჟირინოვსკი წარმოადგენს, რომლის ექსცენტრული გამოხდომების ამსახველი სცენები უხვადაა განთავსებული ვიდეოპორტალ ”იუთუბზე”.

ჩანს, უცხოელი კოლეგების მაგალითი გადამდებია და, ჩვენდა საამაყოდ, არაერთი ქართველი პარლამენტარი აცხადებს პრეტენზიას ”მისტერ სკანდალისტის” საპატიო ტიტულზე. ამ თვალსაზრისით, უდავოდ გამორჩეულ ფიგურას კაკო ბობოხიძე წარმოადგენს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე გახმაურებული დებოშით გამოიჩინა თავი. მის მიერ ქუთაისის ტელეკომპანია ”რიონის” სტუდიაში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის ცემაზე რომ არაფერი ვთქვათ (ჯანდაბას, იმ დროისათვის ბ-ნი ბობოხიძე გუბერნატორი იყო და ეს კონფლიქტი პარლამენტარიზმის აქტივში ვერ ჩაითვლება), ბოლო ოთხ თვეში იგი ორჯერ მიიჭრა მიკროფონთან ოპონენტისთვის ფიზიკურად ანგარიშის გასასწორებლად. პირველ შემთხვევაში კაკომ ნამდვილად იყოჩაღა და ისეთი იშვიათი სიზუსტით ჩააფარა თავში პეტრე მამრაძეს, მაიკლ ჯორდანს შეშურდებოდა. მეორე შემთხვევაში, არ ვიცი უკანასკნელ წამს შეყოვნების თუ მანდატურების ჩარევის გამო, საქმე ნოკაუტამდე არ მისულა (შესაძლოა, ეს იმანაც განაპირობა, რომ ტრიბუნასთან გაწონასწორებული პეტრეს ნაცვლად თვითონაც კაი დამრტყმელი და იარაღის ტრიალში გაწაფული ჯონდი იდგა). სამივე შემთხვევა ბობოხიძეს ხახვივით შერჩა. საპარლამენტო ეთიკის კომისიას წარბიც არ შეუხრია და ყურიც არ აუწევია კუნთებზე მოცქირალი დეპუტატისთვის. ამდენად, უნდა ველოდოთ, რომ მისი მონაწილეობით კიდევ არაერთ დრამატულ შერკინებას ვიხილავთ, უკვე მშობლიური ქუთაისის იარუსებიან დარბაზში.

თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, მეხსიერების დაძაბვის გარეშე შეიძლება გავიხსენოთ ქართული საპარლამენტო დაკა-დაკას რამდენიმე ღირსშესანიშნავი ეპიზოდი. მსუბუქ გაქაჩვა-წათაქებასა და ვაზელინის ტუბის სროლაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ისტორიას ნამდვილად შერჩება ვახტანგ რჩეულიშვილის ლეგენდარული ”ბორჯომი” და ნოდარ ნათაძისგან ხურდაში დაბრუნებული ტელეფონის ყურმილი. ახლაც თვალწინ მიდგას, ლეღვის ფოთლად მოხსენიების გამო რა გავეშებით ეკვეთნენ ერთმანეთს იმ დროისათვის დაუძინებელი ოპონენტები და დღეს ნაციონალური სიამტკბილობით გადაჯაჭვული გია ბარამიძე-ნოდარ გრიგალაშვილის დუეტი. პეტო ცისკარიშვილის მიერ დავით საგანელიძისთვის თვალში ნაძგერებმა კასტეტმა თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი საინფორმაციო საშუალება მოიარა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო დავით ბერძენიშვილის რესპუბლიკური ჰუკი, რის შემდეგაც ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და, როგორც გვაიმედებენ, პრემიერობის მომავალი კანდიდატი გიგა ბოკერია ორი კვირის განმავლობაში დიდი შავი სათვალით დაბრძანდებოდა პარლამენტში.

თქვენი მონა-მორჩილი დაინტერესდა, როდის აიღო სტარტი ქართული საპარლამენტო ძიძგილაობის ეპოპეამ და რომელ კონკრეტულ ინცინდენტს შეიძლება მივაკუთვნოთ საპატიო პირველი ადგილი. ძველ მასალებს თვალი გადავავლე და აღმოვაჩინე, რომ ამ მხრივ არც ჟორდანიასდროინდელი წარმომადგენლობითი ორგანო ყოფილა გამონაკლისი, სადაც პოლიტიკური ვნებები ზოგჯერ მუშტიკრივსა და იარაღის ტრიალში გადაიზრდებოდა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, მკითხველს ძალიან გაუკვირდება, როცა შეიტყობს, რომ პირველი ასეთი დაპირისპირება თვალსაჩინო ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სახელთანაა დაკავშირებული. იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გახლდათ. ფედერალისტთა ფრაქცია კი, რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად (სულ 9 წევრი ჰყავდა) ინტელექტუალური თვალსაზრისით ბარე ათჯერ მაინც აღემატებოდა მმართველ სოციალ-დემოკრატიულს (ამ უკანასკნელის გონებრივი შესაძლებლობის საშუალო კოეფიციენტი სადღაც წიკლაურსა და ხაბაზს შორის მერყეობდა). არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძისა და გიორგი ზდანოვიჩის მემკვიდრეთა შორის, ნუცუბიძის გარდა, გამოირჩეოდნენ გიორგი ლასხიშვილი (დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის განათლების ყოფილი მინისტრი), შალვა ალექსი-მესხიშვილი (იუსტიციის ყოფილი მინისტრი), სამსონ დადიანი, გრიგოლ რცხილაძე, ცნობილი პუბლიცისტი სამსონ ფირცხალავა, ოსიკო ბარათაშვილი, თედო ღლონტი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი რექტორი)... დამფუძნებელი კრების ყოველი სხდომა ფედერალისტებისა და სოციალ-დემოკრატების მძაფრი ოპონირების ფონზე მიმდინარეობდა და ის სკანდალიც, რომლის თაობაზეც ქვემოთ გიამბობთ, უმრავლესობა-უმცირესობის პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი იყო.

+ + +

ერთი შეხედვით, დამფუძნებელი კრების 1921 წლის პირველი თებერვლის სხდომას არაფერი ეტყობოდა, რომ იგი გახმაურებული სკანდალით დასრულდებოდა. დეპუტატებმა მშვიდად დაიწყეს მუშაობა და ყოველგვარი ემოციის გარეშე განიხილეს რამდენიმე კანონპროექტი. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კიდევ ერთი საკითხი- ”მთავრობის პოლიტიკის შესახებ”. ცხადია, უმცირესობა საგანგებოდ ემზადებოდა ხელისუფლების გასაკრიტიკებლად და შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა. ფედერალისტთა ფრაქციიდან ჯერ გრიგოლ რცხილაძემ ილაპარაკა. მერე გამომსვლელთა სიაში წინასწარ ჩაწერილმა სამსონ დადიანმა მიმართა განცხადებით სხდომის თავმჯდომარეს, ცნობილ ისტორიკოს ექვთიმე თაყაიშვილს (ეს უკანასკნელი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ ოპოზიციის ქვოტით ეროვნულ-დემოკრატებიდან), რომ მისი დროის ლიმიტით შალვა ნუცუბიძე ისარგებლებდა. ამან, რატომღაც, უჩვეულო აღელვება გამოიწვია სოციალ-დემოკრატებში. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა პროცედურული საკითხისთვის ითხოვა სიტყვა და სხდომის გადადების საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა, რაც ხმათა უმრავლესობით დაუყოვნებლივ აღსრულდა (ჟორდანიას თანამოაზრეთა ფრაქციაში იმ დროისათვის 104 წევრი ირიცხებოდა). ჩანს, პროცედურული მანიპულაციებით არასასურველი ოპონენტისთვის სიტყვის თქმის შესაძლებლობის წართმევა იმ დროსაც მიღებული ხერხი იყო. სხდომა გადაიდო. დეპუტატები სკამებიდან წამოიშალნენ და სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარე დიდ ოთახში გავიდნენ (იქ ახლა მოსწავლეთა სასახლის სააქტო დარბაზია). ზოგმა მუსაიფი გააბა, ზოგმა კი თამბაქო გააბოლა.

ამ მომენტში შალვა ნუცუბიძესთან, რომელიც თანაფრაქციელ სამსონ დადიანსა და სოციალ-დემოკრატ ნიკო ელიავას ესაუბრებოდა, თბილისის მოურავი, ანუ ქალაქისთავი (იმავდროულად- დამფუძნებელი კრების წევრი) ბენია ჩხიკვიშვილი მივიდა და გვერდით გაიხმო- შენთან სალაპარაკო მაქვსო.

- კაცო, მე წავიკითხე, რომ გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვრით რომ სვამსო...

- დავწერე, მერე რა?!

- საბუთი გქონდა რამე?

- უსაბუთოდ ლაპარაკი სოციალ-დემოკრატების საქმეა. მე ჰაერზე არაფერს ვამბობ.

-ჰოდა, მაგ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. აგერ, ჩემდათავად სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე და გავარჩიოთ, ჩვენს შორის ვინაა მტყუანი.

- რა პრობლემაა,- მიუგო შალვა ნუცუბიძემ - მაგრამ ვერ გავიგე, რა არის აქ გასარჩევი? შენც კარგად იცი, მე ეს ვთქვი შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე - ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე...

- მანამდე შენ თვითონ დამიძახე ჯიბგირი. ესე იგი, თავის დაძვრენა გინდა და უკან მიგაქვს შენი სიტყვები?- გაიფხორა ბენია ჩხიკვიშვილი.

- კაცო, შენ შარზე ხომ არ ხარ? რა თავის დაძვრენაზე მელაპარაკები? გეუბნები- ვთქვი, დავწერე და თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდანაც გაგიმეორებ მომდევნო სხდომაზე.

- ბუჩქებში მიძვრები ხომ შე უტრაკო ინტილიღენტო? - იფეთქა უცებ ქალაქისთავმა და ვიდრე შალვა ნუცუბიძე პასუხის გაცემას მოასწრებდა, მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი მარცხენა თვალში, თან კობურაზე გაივლო ხელი.

ყოველივე ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ახლო მყოფმა დეპუტატებმა ბენია ჩხიკვიშვილისთვის ხელის შეშლა ვერ მოასწრეს. ნიკო ელიავა და სამსონ დადიანი მხოლოდ ამის შემდეგ მივარდნენ მას გასაკავებლად. წაბორძიკებულმა შალვა ნუცუბიძემ კედელთან მდგარ სკამს ხელი დაავლო და მთელი ძალით მოუქნია ვიზავის, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოახერხა - იგი წამოსწრებულმა სოციალ-დემოკრატმა დეპუტატებმა შებოჭეს. სკამი მიზანს ასცდა. უმრავლესობის ყოფილმა წევრმა და იმ დროისათვის ”სხიველების” ოპოზიციაში გადასულმა მუხრან ხოჭოლავამ ბენია ჩხიკვიშვილს დაუყვირა - რას სჩადიხარ, ხომ არ გაგიჟდიო. მას არც სამსონ დადიანი ჩამორჩა და ქალაქისთავს რაღაც ისეთი დამამცირებელი მიაძახა, რამაც ეს უკანასკნელი წყობილებიდან გამოიყვანა. თანაფრაქციელებით გარშემორტყმულმა მოურავმა როგორღაც მოახერხა, კობურადან რევოლვერი დააძრო და, რატომღაც, რუსულად მთელი ხმით იღრიალა: „პუსტიტე მენია, ზასტრელიუ მერზავცა!“

გაშიშვლებული იარაღის დანახვაზე ახლა ფიცხი დადიანი გახდა დასაკავებელი. „პუსტიტე ეტოგო პადლეცა. დავაი, სტრელიაი, ია მამუ ტვოიუ იბალ, სუკინ სინ!“ - რუსულადვე ყვიროდა ის და ჩხიკვიშვილისკენ იქაჩებოდა (მოგვიანებით მან პრესაში სინანული გამოთქვა საკუთარი ბილწსიტყვაობის გამო), რომელიც თანაფრაქციელებმა ჯიკავ-ჯიკავით ძლივს გაიყვანეს დარბაზიდან...

რაც შეეხება შალვა ნუცუბიძეს, მას თვალი ჩაუსისხლიანდა და წარბი გაუსკდა, რის გამოც ნახევარი სახე სისხლით მოეთხვარა (კიდევ ერთი საოცარი ანალოგიაა- როგორც ხედავთ, ქართველი მოკრივე პარლამენტარები ოპონენტთა სხეულის ორგანოებიდან ყველაზე მეტად თვალებს ემტერებიან. ამდენად, პეტრე ცისკარიშვილს და დავით ბერძენიშვილს ღირსეული წინამორბედი ჰყოლიათ ბენია ჩხიკვიშვილის სახით).

როგორც აღვნიშნეთ, ინცინდენტი უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. ზემოთ დასახელებული პერსონების გარდა მას შეესწრნენ და ძიძგილაობა-გაშველებაში მონაწილეობა მიიღეს ვიქტორ თევზაიამ, გოგიტა ფაღავამ, ზაქარია გურულმა, სიმონ ყიფიანმა (სოციალ-დემოკრატები), ივანე ლორთქიფანიძემ (ესერი), შალვა ქარუმიძემ და გრიგოლ ვეშაპელმა (ეროვნულ-დემოკრატები), ოსიკო ბარათაშვილმა (ფედერალისტი). იქვე იმყოფებოდა სასახლის დაცვის რამდენიმე გვარდიელი და ქვესტორი, ანუ მაშინდელი მანდატურები, თუმცა ამ უკანასკნელებს ხელიც არ გაურყევიათ.

დეტალური ინფორმაცია ამ ინცინდენტის შესახებ მოთავსებულია გაზეთ ”სახალხო საქმის” 1921 წლის 3 თებერვლის ნომერში, სტატიაში - ”ქურდული თავდასხმა ამხ შ. ნუცუბიძეზე”. იქვე აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელის სიტყვები, რაც დაპირისპირების მიზეზად იქცა, სინამდვილეში თვენახევრის წინ ითქვა, თუმცა მაშინ მას რაიმე გართულება არ მოჰყოლია. სხდომის შემდეგ დეპუტატებმა რამდენიმე რეპლიკა გაცვალეს და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

საინტერესოა, რამ გაახსენა პირველი თებერვლის სხდომაზე ბენია ჩხიკვიშვილს თვენახევრის წინანდელი წყენა?

+ + +

მანამდე, უინტერესო არ იქნება, ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ, ვინ იყო ბენია ჩხიკვიშვილი.

არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც პირველი ატარებდა პრეზიდენტის ტიტულს.

აბა ზვიად გამსახურდია ვინ იყოო - იკითხავთ ალბათ. ზოგიერთმა შეიძლება ორი ნოე, ჟორდანია და რამიშვილიც გაიხსენოთ.

არა, ბატონებო. პირველი პრეზიდენტი ნამდვილად ბენია ჩხიკვიშვილი გახლდათ.

მერე რა, რომ ეს პრეზიდენტობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა (1905 წლის შემოდგომიდან 1906 წლის გაზაფხულამდე, ანუ, როგორც ხატოვნად ამბობენ- გურულების გააბდლების ჟამს).

მერე რა, რომ მისი ”თანამდებობრივი იურისდიქცია” მხოლოდ ოზურგეთ-ლანჩხუთ-ჩოხატაურზე ვრცელდებოდა და სახელადაც ”გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკის” პრეზიდენტი ერქვა.

სამაგიეროდ, ბენია ხალხისგან ნდობაგამოცხადებული ხელისუფალი იყო.

სამაგიეროდ, ბენია გურული ფირალების (მელქიდეკ გუნთაიშვილი, დათიკო შევარდნაძე...) მეშვეობით გადასახადებს კრებდა, წესრიგს ამყარებდა, სამართალს განაჩენდა და ოკუპანტებს ებრძოდა.

დიახ, ოკუპანტებს. აბა, ვინ დაესხა რუსების რაზმს ნასაკირალთან, სადაც მტერმა, არც მეტი, არც ნაკლები, 15 მებრძოლი დაკარგა?

პრეზიდენტი ბენია ეტლითა და გაძლიერებული დაცვით (12 სოციალ-დემოკრატი წითელრაზმელი ჰყავდა ”ტელოხრანიტელად”) დაბრძანდებოდა ოზურგეთში და ალიხანოვ-ავარსკის მოსვლამდე მისი შიშით პრისტავ-ბოქაულ-ასისთავები ცხვირს ვერ ჰყოფდნენ გარეთ.

როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება, იარაღის დაქუხება, ”კრიმანჭულ-ხასანბეგურა” და კაჭიჭე-ჩხავერით გაბმული ქეიფი უყვარდა ბენიას.

როგორც ნამდვილ სოციალ-დემოკრატს და რევოლუციონერს შეეფერება, რამდენჯერმე კატორღაშიც იყო ნამყოფი და მენშევიკთა მთავარი იდეოლოგების კეთილგანწყობით სარგებლობდა. განსაკუთრებით დიდი ნოე აფასებდა ბენიას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დედაქალაქი ჩააბარა კიდეც სამართავად.

ერთი სიტყვით, დიდი კაცი იყო ბენია ჩხიკვიშვილი...

(გაგრძელება იქნება)