თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში საქართველოს სამხედროს სარეზერვო ძალებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში საქართველოს სამხედროს სარეზერვო ძალებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძის პრეზენტაცია მოისმინეს თემაზე „საქართველოს სამხედროს სარეზერვო ძალების სტრუქტურირება: პრობლემები და პერსპექტივა".

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო, თუ როგორი უნდა იყოს რეზერვი; ისაუბრა ესტონური დოქტრინის საქართველოსთვის ადაპტაციის შესაძლებლობის თაობაზე. „უახლოეს პერიოდში ესტონური ან რაიმე სხვა საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებული მოდელი ჩვენთან ვერ იმოქმედებს, მოსაძებნია ჩვენი მოდელი", - განაცხადა დავით თევზაძემ.

მან ისაუბრა საქართველოში სამხედრო რესურსის სისტემის ჩამოყალიბების პირობების შესახებ, რომელშიც ორგანიზაციული და პრაქტიკული გამოცდილების რესურსები გამოყო. იგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეზერვის ფორმირება, მართვა, მომზადება და ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა.

დავით თევზაძემ კომიტეტს მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო. ტადარიგის გენერალ-ლეიტენანტის მოსაზრებით, უნდა დაიწეროს ტოტალური თავდაცვის დოქტრინა, შეფასდეს საქართველოს სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობა და შემუშავდეს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმა. მას ასევე მიაჩნია, რომ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, მოხდეს საჯარისო და საერთო რეზერვის ფორმირება, ჩამოყალიბდეს ტერიტორიული და სამოქალაქო თავდაცვის სისტემა. „მუშაობა დასაწყებია ყველა მიმართულებით", - განაცხადა დავით თევზაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს იყო აკადემიური პრეზენტაცია, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებში არ ეთანხმება პრეზენტატორს. მან ყურადღება გაამახვილა მართვის, კოორდინაციის და კონტროლის მექანიზმებზე.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ თავდაცვის ეროვნული სტრატეგია. ამასთანავე, უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან და იმ რესურსებიდან, რომელიც საქართველოში არსებობს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.