ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებენ.
„მწუხარებას იწვევს ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჩიხის გზას გაჰყვა და მხარი დაუჭირა საქართველოს აბსურდულ მოთხოვნას, რაც აფხაზეთის რესპუბლიკის უფრო მეტ ბლოკადასა და საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს. თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველებად თავის წარმოჩენით აშშ-ის ლიდერები საქმეზე ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას ატარებენ და მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკურ და ფინანსურ წნეხს ახორციელებენ“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მხარეებს შორის დიალოგს ხელს მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეალობის აღიარება შეუწყობს.
„აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა მხოლოდ ართულებს მხარეებს შორის დიალოგის მიღწევას და აბათილებს ჟენევას დისკუსიების მონაწილეებს შორის გადადგმულ ძალისხმევას“, - აღნიშნულია განცხადებაში.