გრიგოლ გოგელია:  „საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ვალი არ გააჩნია

გრიგოლ გოგელია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ვალი არ გააჩნია"

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2016 წლის ანგარიში განიხილეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას ინფორმაციით, 2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები იყო ლოგიკური გაგრძელება 2015 წლის, როცა სტრატეგიული რეფორმები, სტრუქტურული გარდაქმნები და ძირითადი გეგმების განსაზღვრა დაიწყო. „მიღებული სტრუქტურის იმპლემენტაციისა და განხორციელების წელი იყო 2016 წელი. საკვანძო და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გახლდათ გაერთიანებული საინფორმაციო სამსახურის შექმნა, რომელიც იქნებოდა მულტიმედიურ პრინციპზე დაფუძნებული", - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

მისივე თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს დაუსახა შემდეგი პრიორიტეტული ამოცანები:

ნიუსრუმის ფორმირების გეგმის დასრულება და იმპლემენტაცია;

მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია;

ადამიანური რესურსების მართვის გეგმის შემუშავება;

ჟურნალისტიკის სტანდარტების და რეგულირების სახელმძღვანელოების შემუშავება.

მან თითოეული ამოცანის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო დეპუტატებს. გრიგოლ გოგელიას განცხადებით, 2016 წელს განხორციელდა პირველი ინვესტიციები, განსხვავებით 2015 წლისა, რომელიც ვალების დაფარვის წელიწადი იყო. „საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის ორგანიზაცია, რომელსაც ვალი არ გააჩნია", - აღნიშნა გრიგოლ გოგელიამ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საპროგრამო პრიორიტეტების განხორციელებასთან, სატელევიზიო ფორმატებთან, მედიაწარმოების ბლოკთან, ლოგოსთან დაკავშირებით. ყურადღება გაამახვილა ასევე შენობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერსა და დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე.

გრიგოლ გოგელიას მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დეპუტატების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით", დაზარალებულის უფლებას ეხება. მომხსენებლის განმარტებით, საკანონმდებლო წონადადება ემყარება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2011 წელს ჩატარებულ კვლევას დაზარალებულის უფლებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესში.

კვლევის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები. ასევე, საკანონმდებლო წინადადება ეფუძნება ევროკავშირის დირექტივას დაზარალებულის უფლებების დაცვის შესახებ და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას დანაშაულის მსხვერპლთათვის ინფორმაციის მიღების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს დაზარალებულის მიერ გასაჩივრების უფლებას, კერძოდ, ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საინტერესო იქნებოდა პროკურატურის წარმომადგენლის მოსაზრებების მოსმენაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით". საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოება 21-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონის 139-ე მუხლის მეორე ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს რედაქციით: „ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ: ა)ორსული წარმოადგენს ერთი ექიმი გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება; ბ) ორსული წარმოადგენს ორი ექიმი გინეკოლოგის დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცესში ქალისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; გ) ორსული წარმოადგენს ორი ექიმი ფსიქიატრის დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს. საკანონმდებლო წინადადების წარმოდგენის მიზეზად საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოება 21 აბორტების მაღალ მაჩვენებელს ასახელებს და ამასთან დაკავშირებით ირლანდიის კანონმდებლობა მოჰყავს მაგალითად. კომიტეტის წევრების მოსაზრებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის შემთხვევაში, არსებობს კრიმინალური აბორტების გაზრდის საფრთხე. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სიცოცხლეს პირველივე დღიდან აქვს არსებობის უფლება და წარმოდგენილ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უფლებრივ ჭრილში, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. „ალბათ უფრო კარგი იქნებოდა ჩვენი მხრიდან გაგვეძლიერებინა პრევენციული მიმართულება", - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი მოსაზრებით, აკრძალვას შესაძლოა დედების სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა მოჰყვეს. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

დღესვე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით". ცენტრის წარმომადგენლის, გიორგი კაკუბავას განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონის მიღების მიზანი 2006-2012 წლებში მართლმსაჯულების ხარვეზებიდან გამომდინარე, ნარკოტიკული დანაშაულისთვის არაადეკვატურად მაღალი სასჯელდადებული პირებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაა. „ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დარღვეული უფლებების აღდგენის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის არარსებობის პირობებში, სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადებით პარლამენტი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენის პროცესს", - განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, ცალსახად მუხლის აღება და მის მიმართ ამნისტიის გატარება არ იქნება სწორი. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცოტახნის წინ კომიტეტის წარმომადგენლობა იყო ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მსგავსი მოსაზრებები მოისმინეს. „ის მუხლი, რომელიც საკანონმდებლო წინადადებაშია კონკრეტულად მითითებული, საკმაოდ მძიმე დანაშაულს გულისხმობს. თუმცა გარკვეული მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ არაადეკვატური სასჯელების მიმართ. ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიქრი ამ თემაზე და მიმაჩნია, რომ ცოტა უფრო მეტი ჩაღრმავებაა საჭირო, რათა პრობლემის არსი სიღრმეში დავინახოთ, ვიდრე მექანიკურად ეს მუხლი მოვაქციოთ ამნისტიის პირობებში", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.