გიორგი მარგველაშვილს აქვს ისტორიული შანსი, ჩაებღაუჭოს არა სკამს, არამედ თქვას, რომ საპარლამენტო მოდელი უკეთესია

გიორგი მარგველაშვილს აქვს ისტორიული შანსი, ჩაებღაუჭოს არა სკამს, არამედ თქვას, რომ საპარლამენტო მოდელი უკეთესია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა და აქვს უნიკალური, ისტორიული შანსი, ჩაებღაუჭოს არა თავის სკამს, არამედ თქვას, რომ საპარლამენტო მოდელი უკეთესია შერეულ ან საპრეზიდენტო მოდელებს შორის.

როგორც საზოგადოებრივს სესიაშვილმა განუცხადა, ისურვებდა, რომ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

"ვისურვებდი იმდენად, რამდენადაც ჩვენი ხალხის ხმით მისი პოლიტიკური წონა დადასტურდება. მთავარია, რომ ზოგ-ზოგიერთებმა პრინციპებს უღალატეს. ეს პრინციპები ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს. თუ გვინდა, რომ ევროპისკენ წავიდეთ, ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობის მოდელი უნდა დამკვიდრდეს. პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა და აქვს უნიკალური, ისტორიული შანსი ჩაებღაუჭოს არა თავის სკამს, არამედ თქვას, რომ საპარლამენტო მოდელი უკეთესია შერეულ ან საპრეზიდენტო მოდელებს შორის. ამ შემთხვევაში, თავად ლოგიკურად იმ დასკვნამდე მივა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სასურველი არ არის, რადგან საპარლამენტო მმართველობის მოდელისთვის უმჯობესია, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული იყოს, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, მაგრამ ჩემთვის მისი ეს თამაში უპრინციპოა. პრინციპებს არა მხოლოდ მარგველაშვილმა უღალატა, არამედ მათ, ვინც გამოდის და მოთქვამს, რომ პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ ვირჩევთ და ეს კატასტროფა იქნება. ეს საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლაა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავდივართ, რომელიც ყველაზე უფრო დახვეწილი მმართველობის სისტემაა. ღრმად ვარ დარწმუნებული,  თავადაც ესმის, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელისთვის უმჯობესია,  პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდეს, თუმცა მათ სურთ, ამ კარგ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული ნიშა იპოვონ, სხვა ვერ იპოვეს", - აცხადებს დეპუტატი.

სესიაშვილის უშიშროების საბჭოს გაუქმების თაობაზე მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება.

"ხვალ თელავში პრეზიდენტს ავუხსნი, თუ რა არასწორი კუთხიდან აანალიზებს უშიშროების საბჭოს გაუქმების მიზეზებს. იმის ფიქრი, რომ თუ პრეზიდენტს ეროვნული უშიშროების საბჭო არ ეყოლება, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი. მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ მომავალი პრეზიდენტი თეთრ ცხენზე ამხედრებული უნდა იყოს და არმიას უძღვებოდეს. ეს ასე არ არის. მისი მთავარსარდალობის ფუნქცია ფორმალურად, რამდენიმე წუთისთვის გამოიხატება, რომ ვიღაცამ, უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურამ სამართლებრივად გადაწყვიტილება მიიღოს და ეს პრეზიდენტია. მას მთავარსარდალი ამისთვის ჰქვია და არა იმისთვის, რომ არმიას გაუძღვეს. ეს მიღებული მმართველობის სისტემაა დემოკრატიულ სამყაროში. ეს მოდელი ქვეყანას მეტ სტაბილურობას მისცემს და საჭირო მომენტში ადეკვატურ გადაწყვიტილებას მიიღებს", - აღნიშნავს სესიაშვილი.