საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ვიზიტით ვაშინგტონიდან კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიები წამოიღო.
საქართველოსთან პარტნიორობა ყველა მიმართულებით: ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომებზე შეთანხმება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა და საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობის აღიარება - ასეთია აშშ-ის ახალი მმართველისა და მისი გუნდის პოზიცია საქართველოსადმი.
"დიდი პატივი მქონდა თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს", - ასე შეაფასა "ტვიტერზე" საქართველოს მთავრობის მეთაურთან პირველი შეხვედრა დონალდ ტრამპმა.
შეხვედრის დეტალები დააზუსტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მყარი გარანტიები მიიღო - საქართველოსთან პარტნიორობა ყველა მიმართულებით გაღრმავდება.
ტრამთან შეხვედრას წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტის შეხვედრა, რომელზეც მაიკ პენსმა დაადასტურა თეთრი სახლის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე–პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.
"რუსეთი განაგრძობს ხელოვნური ბარიერების შექმნას, ოჯახების გაყოფასა და საზღვართან ახლოს მცხოვრები ადამიანების გატაცებას, რაც სრულიად მიუღებელია", - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა რონ ჯონსონმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განაცხადა.
თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს შთანხმებას "აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ".
შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრ სენატორ ტომ კოტონთან გამართულ შეხვედრაზე.
სენატორმა ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე სამშვიდობო მისიებში. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლი რეგიონში და ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
საქართველოს პრემიერი აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერსაც შეხვდა. ამ უკანასკნელმა კვირიკაშვილს კომიტეტის სახელით დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. ამავე შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება რეგიონულ გამოწვევებს და ინარჩუნებს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს.
აშშ-ში პრემიერის ვიზიტი რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იყო, ეს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმაც აღნიშნა.
მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეხვედრა ნატო-ს სამიტამდე მოხდა, რაც ასევე კარგი ამბავია.
"ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან ასეთ ადრეულ ეტაპზე, მანამ ზოგიერთ ევროპელ ლიდერსაც კი არ შეხვედრია, ძალიან კარგი ამბავია",- დასძინა თინა ხიდაშელმა.
"საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს შეასუსტებს", - ასე შეაფასა ტრამპი-კვირიკაშვილის შეხვედრა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
"აშშ-ს თავისი ინტერესი გააჩნია, რომელიც უკავშირდება რუსეთის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე ენერგეტიკულ პროექტების განხორციელებას, ასევე უკავშირდება ახალი სამხედრო საწვრთნელი ობიექტის განთავსებას საქართველოში. აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურების ფონზე, ოფიციალური კრემლი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ამერიკის ინტერესებს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში", - აღნიშნა საკითხის შეფასებისას ნიკა ჩიტაძემ.
აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.
შეხვედრაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს. მხარეებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როდის და რა ფორმატში მოხდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, თუმცა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული რთული ვითარებისა, ამერიკელ და რუს ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობა სურს.
ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, ლავროვისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ კრემლში უშიშროების საბჭოს წევრები ოპერატიულ თათბირზე მიიწვია. თათბირზე ლავროვის ამერიკაში ვიზიტი განიხილეს, რომლის დეტალებიც უცნობია.
დონალდ ტრამპმა საქართველოსადმი მხარდაჭერისკენ ქმედითი ნაბიჯი ჯერ კიდევ 6 მაისს გადადგა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტს მოაწერა ხელი. ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ბუშის და არც ბარაქ ობამას ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებისთვის ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუცია.
რა ტენდენციები შეიძლება გამოიკვეთოს გლობალურ პოლიტიკაში და ჩანს თუ არა ამ არენაზე საქართველოს საკითხი, ოფიციალურად არ საჯაროვდება. უცნობია, მიიღო თუ არა ოფიციალურმა მოსკოვმა ტრამპისგან მკაფიო უკმაყოფილება საქართველოს ოკუპაციისთვის, თუმცა ფაქტია, რომ აშშ-ის ახალი ლიდერის საქართველოსადმი მხარდაჭერა ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით 2017 წლის 6 მაისით თარიღდება.