ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან და ვხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი

ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან და ვხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი

ევროკავშირის გადაწყვეტილება, უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ და პოსტსაბჭოთა წარსულთან გაწყვეტისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გაცილებით მეტია, ვიდრე საზღვარზე შესვლის გამარტივებული წესი. ეს ევროპისკენ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან და უფრო და უფრო ვხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა.

პროცედურის დასაჩქარებლად გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრების საბჭოზე იქნა მიღებული, რომელიც დღეს გაიმართა.

როგორც ცნობილი გახდა, შესაბამისი გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონია 17 მაისს შედგება. აღნიშნულ ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრება.

გადაწყვეტილება ევრკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში. სავარაუდოდ, 11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.