პროკურორი რევაზ ნადოი მოსამართლე ვერ გახდა

პროკურორი რევაზ ნადოი მოსამართლე ვერ გახდა

პროკურორი რევაზ ნადოი მოსამართლედ ვერ დაინიშნა. ნადოის კანდიდატურა სააპელაციო სასამართლოს სისხლისა და საგამოძიებო პალატებში იყო წარდგენილი, თუმცა მოსამართლეებმა დღევანდელ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს. ნადოი მეორე ტურში რამდენჯერმე გადავიდა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთხელ მოაგროვა. ამ ორ კოლეგიაში სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის, გიორგი ჩემიას კანდიდატურაც იყო წარდგენილი, თუმცა საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერც მან მოიპოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლეები მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი გახდნენ, 4 ვაკანსიაზე კი მოსამართლე ვერ აირჩიეს. 2 ვაკანსია იყო საგამოძიებო პალატაში და ორივე ჩავარდა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა მინიმალური რაოდენობა - საბჭოს წევრების 2/3 ვერ მოაგროვა.

ჩემიას კანდიდატურა ასევე აქვს წარდგენილი თბილისისა და მცხეთის საქალაქო სასამართლოების ვაკანტურ პოზიციებზეც, რომელზეც კენჭისყრა დღეს გაიმართება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 84 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრა გრძელდება.