იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს იმ ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას განსაკუთრებული არაფერი ეწერა, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული.
”არ უნდა გვეუბნებოდნენ იმას, რომ პასპორტში არაფერი ეწერა. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? ან კიდევ სხვებმა რომ გადმოკვეთონ. ამიტომ, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას, იმათი გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. გია ცერცვაძის შემთხვევას ვგულისხმობ”,- განაცხადა რატიანმა.
რატიანის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატმა დარბაზს კითხვით მიმართა: ”ლუჟკოვი უნდა დადიოდეს ამ ქვეყანაში”?
ამის შემდეგ რატიანმა საუბარი კონსტიტუციის პროექტზე გააგრძელა. ამ დროსაც დარბაზში რამდენჯერმე ატყდა ხმაური.