ჩვენი ამოცანაა ზეპარტიული პრეზიდენტის არსებობა და ეს შესაძლებელია მხოლოდ არაპირდაპირი არჩევნების პირობებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, აქ ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებებს შორის.
”პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები საპარლამენტო სისტემაში, თუმცა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რაც ხშირად წარმოშობს პრობლემებს და ამ პრობლემებს ადასტურებს მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. პრობლემები სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული. ერთ-ერთი არის კომპეტენციებთან დაკავშირებით მუდმივი დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაშიც კი დაფიქსირდა.
მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პირდაპირი არჩევის წესის პირობებში, საპარლამენტო სისტემაში ხშირად ხდება ისე, რომ ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ევროკავშირის ქვეყნებშიც კი.
თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი, იქ სადაც საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტებს ირჩევენ არაპირდაპირი წესით, არსად სისტემური პრობლემა არ წარმოშობილა”, - განცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უმჯობესია საპარლამენტო სისტემაში არსებობდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წესი.
”დამატებითი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გვესახება პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია. იქ, სადაც საუბარია ქვეყნის მართვაზე, ან ადგილობრივ დონეზე მართვაზე, ბუნებრივია, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საარჩევნო კამპანია - ჩვენ გავდივართ საზოგადოებასთან და ვესაუბრებით იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, როგორია ჩვენი ხედვა, პროგრამა და როგორ წარმოგვიდგენია კონკრეტული სოფლის და ქალაქის განვითარება. პრეზიდენტს ასეთი კომპეტენცია მინიჭებული არ აქვს. პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, შესაბამისად, მას ვერ ექნება თავისი პროგრამა. ასეთ დროს ძალიან ძნელი წარმოსადგენია ჯანსაღი საარჩევნო კამპანია. უფრო მეტიც, ეს კამპანია მთლიანად იქნება აგებული სუფთა პარტიულ დაპირისპირებაზე. ასეთი კამპანიის პირობებში შეუძლებელი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტის არჩევა”,- აღნიშნა კობახიძემ.