დონალდ ტრამპმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

დონალდ ტრამპმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

უკრაინის საგარეო მინისტრთან პაველ კლიმკინთან შეხვედრაზე აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.

ამის შესახებ ტელეკომპანიის „112 უკრაინა“ ეთერში უკრაინის საგარეო სუწყების სპიკერმა მარიანა ბეცამ განაცხადა.

„ჩვენ აშშ–ის მხრიდან უკრაინის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პირობა მივიღეთ. დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი ვითარება და მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხები. ჩვენ მადლიერი ვართ აშშ–ის მიმართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერის გამო. თვით ვიზიტს უკრაინის დიპლომატიის დიდ წარმატებად მივიჩნევთ“, – განაცხადა ბეცამ.

დონალდ ტრამპის რუსეთის მთავარ დიპლომატთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის კომენტირებისას მარიანა ბეცამ აღნიშნა, რომ „მკაფიოდ გაჟღერდა რუსეთის ვალდებულება, შეასრულოს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს მკაფიო სიგნალია, რომელიც ნიშნავს, რომ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე არ შესრულდება მინსკის შეთანხმება“.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტთან მაიკლ პენსთან გამართა მოლაპარაკებები.