ევროკავშირი სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებისთვის გრანტების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა

ევროკავშირი სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებისთვის გრანტების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა

ევროკავშირი სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებისთვის გრანტების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საზოგადოებრივ ფორუმზე „საქართველოს სასამართლო სისტემა: რეფორმების შედეგები და პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ევროკავშირი მხარს უჭერს რეფორმების გატარებას საქართველოს სასამართლო სექტორში.

„აშკარაა, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო სამართლიანი და სწრაფად ფუნქციონირებადი მართლმსაჯულება, რომელსაც ყველა მხარისთვის სამართლიანი გადაწყვეტილება გამოაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ის მიზანია, რომელსაც საქართველოში ყველა ჩვენი პარტნიორი იზიარებს“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, სასამართლო ინსტიტუტების მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უფრო გაძლიერდა.

„სასამართლო ინსტიტუტების მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ასოცირების ხელშეკრულებაში ჩაწერილია, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა ფორმის ჩარევებისგან. ეს ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

„ასევე არსებობს სხვა ფაქტორიც, რომ მართლმსაჯულების ფუნქციონირება გავლენას ახდენს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობაზე. ვინაიდან, ჩვენ გაგვაჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომში გავაუმჯობესოთ მართლმსაჯულების ფუნქციონირება ეკონომიკური და სავაჭრო დავების კუთხით“, - დასძინა იანოშ ჰერმანმა.