კახელების თანდასწრებით რუსი დესპანის გაჯოხვისა და გოდუნოვ-ბაგრატიონთა არშემდგარი მოყვრობის ისტორია

კახელების თანდასწრებით რუსი დესპანის გაჯოხვისა და გოდუნოვ-ბაგრატიონთა არშემდგარი მოყვრობის ისტორია

XVI-XVII საუკუნეთა მიჯნა დიპლომატიური კონტაქტების ინტენსივობის თვალსაზრისით, უაღრესად ნაყოფიერ პერიოდს წარმოადგენდა კახეთ-რუსეთის ურთიერთობებში. დროის ამ შედარებით მცირე მონაკვეთში ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე ორგანიზებული რამდენიმე ელჩობა განხორციელდა. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ დიპლომატიური მისია ანტონოვისა და ზვენიგოროდსკის მეთაურობით (1590). მათი მოლაპარაკება კახეთის სამეფო კართან იმდენად მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის სახელმწიფოსთვის, რომ უკვე მომდევნო 1591 წელს საგარეო საქმეთა საგანგიომ ახალი ელჩობა აღჭურვა, რომელსაც პლეშჩეევი და კუდრინი ედგნენ სათავეში. მოლაპარაკების დროს ძირითადი ყურადღება ეთმობოდა საშამხლოზე ლაშქრობის საკითხს, რასაც დაჟინებით მოითხოვდა კახეთის მხარე.

საუკუნის დამლევამდე რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთი სრულუფლებიანი მისია გამოგზავნა კახეთში სოვინისა და პოლუხანოვის შემადგენლობით.

მოლაპარაკების თემატიკასთან დაკავშირებით, დამატებით, უნდა შევნიშნოთ, რომ საშამხლოს საკითხის გარდა, კახეთის ხელისუფლება ცდილობდა, აქტიურად დაეყენებინა რუსეთის წინაშე ირანის, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დაუძინებელი მტრის პრობლემა. ცხადია, ალექსანდრე II ესმოდა, რომ ირანთან ურთიერთობაში რუსეთი კონფესიურზე წინ წმინდა პოლიტიკურ ინტერესებს აყენებდა, რის გამოც შაჰთან მისი რადიკალური დაპირისპირება გამორიცხული იყო, მაგრამ მაინც ცდილობდა მაქსიმალური სარგებელი მიეღო მოსკოვის ხელისუფლებისგან. ეს სარგებლობა კი შაჰის წინაშე დიპლომატიური გამოსარჩლებით გამოიხატებოდა. ალექსანდრე II რუს საერო და სასულიერო ხელისუფალთა სახელზე გაგზავნილ წერილებში მოხერხებულად თამაშობდა მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოს პრესტიჟზე და ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ახსენებდა მას- მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ჩვენი მფარველი ხართ და თუ ახლა რაიმე შეგვემთხვევა, თქვენი სირცხვილი იქნებაო.

1598 წელს კახეთის მეფემ, გაითვალისწინა რა რუსეთ-ირანის დაახლოების (ოსმალთა წინააღმდეგ მიმართული) ტენდენცია, ახალი საკითხი წამოჭრა მფარველის წინაშე. მან სოვინსა და პოლუხანოვს განუცხადა - თანახმა ვარ, ის ხარკი, რასაც ადრე პორტას ვუხდიდი, მოსკოვს გადავუხადოო. ამ ნაბიჯით ალექსანდრე II ცდილობდა, ერთმანეთისთვის დაეჯახებინა რუსეთ-ოსმალეთის ინტერესები და თვითონ მაქსიმალური სარგებლობა მიეღო აქედან.

აღსანიშნავია, რომ საანალიზო პერიოდში კახეთიდანაც არაერთი ელჩობა გაიგზავნა რუსეთში. საარქივი მასალებში ხშირად ფიგურირებს კახელ დიპლომატთა სახელები: იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი, ყურშიტა ჩერქეზი, თავადები - სოლომონი და იორამი, ლევან მდივანი...

რუსეთის ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებდა სოვინ-პოლუხანოვის ელჩობაზე, რომელსაც, მისი აზრით, უნდა მოეხერხებინა დანარჩენ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან დაკავშირებაც, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. ქართლის მეფე და ლიხთიმერელი ხელისუფალნი მოსკოვთან დიპლომატიური თამაშის გაბმას არ ჩქარობდნენ, რაც რეგიონში რუსეთის სერიოზულ პოლიტიკურ მარცხს მოასწავებდა. ცხადია, ამ სიფრთხილეს ორი უმთავრესი ფაქტორი განაპირობებდა- რუსეთის წარუმატებელი სამხედრო ექსპედიციები საშამხლოში და ირან-ოსმალეთის დაპირისპირების ბუნდოვანი პერსპექტივა.

1598 წელი, გარეგნული თვალსაზრისით, თითქოსდა, ახალ მიჯნას წარმოადგენდა კახეთ-რუსეთის ურთიერთობაში. ამ დროს გარდაიცვალა მეფე თევდორე და ტახტს ბორის გოდუნოვი დაეუფლა. მართალია, ეს უკანასკნელი გამეფებამდეც ფაქტობრივი თვითმპყრობელი იყო რუსეთისა, მაგრამ გვირგვინის ოფიციალურად კურთხევის შემდეგ, ცხადია, მოქმედების მეტი თავისუფლება მიეცა. გოდუნოვის გამეფებით ახალი პერსპექტივა ისახებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რადგან ახალი ხელისუფალი ცნობილი იყო, როგორც აქტიური სამხრეთული პოლიტიკის გატარების მომხრე.

გოდუნოვის პირველი მნიშვნელოვანი აქცია კახეთთან ურთიერთობაში იყო ახალი ელჩობის აღჭურვა ნაშჩოკინისა და ლეონტიევის შემადგენლობით, რომელიც 1601 წელს მოსკოვიდან გამოემგზავრა.

XVII საუკუნის დასაწყისი უაღრესად რთული პერიოდი იყო ხანგრძლივ დროზე გათვლილი დიპლომატიური პერსპექტივის თვალსაზრისით. შაჰი აბას I უკვე ღიად ემზადებოდა ოსმალეთთან ომისთვის. ირანის გაძლიერებით დამფრთხალი არაერთი ჩერქეზი მფლობელი რუსეთს განუდგა და შაჰს მიემხრო, რომელმაც საგანგებო მისია გაგზავნა ევროპის მონარქებთან ინგლისელი ანტონ შერლისა და სპარსი ჰასანის შემადგენლობით. აბას I ანტიოსმალურ კოალიციაში იწვევდა ევროპის ქვეყნებს. ასეთ აწეწილ სიტუაციაში ალექსანდრე II სცადა კბილი მოესინჯა, როგორი იქნებოდა პორტას რეაქცია ხარკის შეწყვეტაზე, მაგრამ ხონთქრის მხრივ ისეთი ენერგიული პასუხი მიიღო (შემახიის ფაშა ლაშქრით გამოემართა კახეთის წინააღმდეგ), რომ იძულებული გახდა, ხარკი სასწრაფოდ გადაეხადა.

კახეთის მდგომარეობას ართულებდა ის გარემოება, რომ შაჰიცა და სულთანიც მისგან მომავალ ომში მონაწილეობასა და მხარდაჭერას მოითხოვდნენ.

ყოველივე ამას ზედ დაერთო სასახლის კარის ცნობილი გადატრიალება, რის შედეგადაც 1601 წლის შემოდგომაზე ტახტს ალექსანდრე II ძე დავითი დაეუფლა. ასე, რომ ნაშჩოკინისა და ლეონტიევის ელჩობას, რომელიც 1602 წლის გაზაფხულზე ჩავიდა კახეთში, მოლაპარაკების დროს მასპინძლობას ახალი მეფე უწევდა. გზაშივე მიღებული დამატებითი ინსტრუქციის თანახმად, ელჩებს უნდა შეესწავლათ ტახტზე მომხდარი ცვლილებით განპირობებული ახალი სიტუაცია და ერთგულების ფიცის მიღებაზე დაეთანხმებინათ დავითი. ამ მოაზრებიდან გამომდინარე, თერგელმა ვოევოდებმა გარკვეული დროით გააჭიანურეს ბოიარ რომოდანოვსკის ლაშქრობა საშამხლოზე, რაც მანამდე იყო შეთანხმებული და გადაწყვეტილი.

მოსკოვის ხელისუფლება ორმაგ თამაშს ეწეოდა და ატყუებდა მოკავშირეს. იმ დროს, როდესაც ნაშჩოკინი და ლეონტიევი კახეთის მეფეს ეუბნებოდნენ, რომოდანოვსკის ლაშქარი შეყრილია და მალე სამხედრო ოპერაცია დაიწყებაო, მეორე ელჩმა, ირანში მივლინებულმა თავადმა ზასეკინმა შაჰი დაარწმუნა, საშამხლოზე ლაშქრობა მეფე ბორისმა თქვენი თხოვნით მოშალაო.

მეფე დავითმა რუს ელჩებთან დიპლომატიური მოლაპარაკების დროს საჭიროდ ჩათვალა შემონაზვნებული ალექსანდრე II დასწრებაც. ჩანს, ამ ნაბიჯით იგი ცდილობდა რუს დესპანთა დარწმუნებას კახეთის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობაში. ამ მოსაზრების ჭეშმარიტება მოლაპარაკების პროცესმაც დაადასტურა. ორივე მხარე სწრაფად შეთანხმდა ტექნიკურ დეტალებზე. 1602 წლის პირველ ივლისს დავითმა, მამასთან და თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად, რუსეთის მეფის ერთგულების ფიცი მიიღო.

რუსი ელჩები სასწრაფოდ აპირებდნენ უკან დაბრუნებას, მაგრამ ამას ხელი შეუშალა ნუგზარ არაგვის ერისთავის განდგომამ და გზის ჩაკეტვამ. საარაგვოზე გალაშქრებული მეფე დავითი კახეთში შემოდგომამდე ვეღარ დაბრუნდა. 16 ოქტომბერს გრემის სასახლეში მან ელჩები მიიღო და სასწრაფოდ გამგზავრებასაც დაჰპირდა, მაგრამ 21 ოქტომბერს მოულოდნელად აღესრულა (გავრცელებული ხმებით, მისი მოულოდნელი სიკვდილი მოწამლვამ გამოიწვია). ამის შემდეგ ტახტს ისევ ალექსანდრე II დაეუფლა და საპყრობილედან გათავისუფლებულ გიორგი ბატონიშვილთან ერთად დაიწყო ქვეყნის მართვა.

ალექსანდრეს სურდა წლის ბოლომდე გაესტუმრებინა ელჩები, თუმცა მალე ინფორმაცია მიიღო, თერგზე რუსეთის დაპირებული ჯარი არ ჩანსო და დესპანები 1603 წლის გაზაფხულამდე დააყოვნა კახეთში. 1602-1603 წლების ზამთარში ლეონტიევმა და ნაშჩოკინმა არაერთხელ იხილეს, თუ რა ხშირად დადიოდნენ სამეფო კარზე ირანელი და ოსმალი დესპანები. სავარაუდოდ, ალექსანდრე II განზრახ ახდენდა რუსი ელჩების წინაშე საკუთარი დიპლომატიური კავშირების დემონსტრირებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ ამ დროს დააქორწინა მეფემ გიორგი ბატონიშვილი განჯის ფაშას ასულზე (ეს ფაშა ჩამომავლობით ქართველი იყო - სამცხის ათაბაგის ყვარყვარეს შვილი). მეტიც, 1603 წლის ივნისში რუსეთში გასტუმრებულ ნაშჩოკინსა და ლეონტიევს ალექსანდრემ ბორის გოდუნოვთან საყვედურებიღ აღსავსე წერილი გაატანა, რომელშიც მუქ ფერებში იყო წარმოჩენილი კახეთ-რუსეთის განვლილ ურთიერთობათა ისტორია და პერსპექტივა. რუს ელჩებს მეფემ საკუთარი დესპანებიც გააყოლა - არქიმანდრიტი კირილე ქსანთოპულო და საბა მდივანი.

ნაშჩოკინი გზაშივე გარდაიცვალა, ლეონტიევმა კი მოსკოვში ჩასვლის შემდეგ საგარეო საქმეთა საგანგიოში განაცხადა - ალექსანდრე II უპატივცემულოდ გვეპყრობოდა და მეფე ბორისსაც უდიერად იხსენიებდაო. ამის გამო კახეთის წარმომადგენლები ნიჟნიში შეაჩერეს და ერთხანს მათი მიღებაც აღარ სურდათ, თუმცა გოდუნოვმა თავი შეიკავა ურთიერთობათა საბოლოოდ გაწყვეტისგან და ელჩებსაც მოსკოვში ჩასვლის ნება დართეს.

ქართველმა დესპანებმა 1604 წლის ზამთარში ჩააღწიეს რუსეთის სატახტოში. მათ ჯერ საგარეო საქმეთა საგანგიოში გაესაუბრნენ, ხოლო 4 მარტს მეფე ბორისმაც მოუწყო აუდიენცია. საბამ და კირილემ იოლად დაარწმუნეს რუსეთის ხელისუფალი ლეონტიევის მტკიცებათა ცილისმწამებლურ ხასიათში და, პირიქით, დაასახელეს ფაქტები, რომლებიც ცხადყოფდა თვითონ რუსი ელჩების შეუფერებელ ქცევას კახეთში ყოფნის დროს. ქართული მხარის ინფორმაციის საფუძველზე ბორის გოდუნოვმა ლეონტიევს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა და შემდეგ ალექსანდრე II წარგზავნილებს დიდი ჯაფა დაადგათ, რომ მეფეს ეს განაჩენი შეერბილებინა (1604 წლის 21 მარტს ლეონტიევი სასტიკად გაჯოხეს ქართველი ელჩების თანდასწრებით).

მარტშივე კახეთის ელჩებს შეხვედრა ჰქონდათ ჯერ ბოიართა საბჭოში, შემდეგ კი პატრიარქთან. გადაწყდა ახალი ლაშქრობის მოწყობა შამხლის წინააღმდეგ. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთის ხელისუფლება კახეთს თავის კავკასიურ პოლიტიკაში.

1604 წლის მაისში ქართველი ელჩები სამშობლოში გამობრუნდნენ. მათ თან მოჰყვებოდნენ კახეთის სამეფო ოჯახის წევრთა და დიდებულებისთვის გამიზნული მდიდრული საჩუქრებით დატვირთული დესპანები- ტატიშჩევი და ივანოვი. გოდუნოვის წარმომადგენლებს, ასევე, მოჰქონდათ ახალი ”ფიცის წიგნი”, რომლითაც ალექსანდრე II და მის მემკვიდრეებს უნდა დაედასტურებინათ თავიანთი ერთგულება რუსეთის მეფის წინაშე. ელჩებს წამოსვლის წინ სათანადო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კახეთში მოვლენების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შემთხვევაში.

ამასთან, ელჩები აღჭურვილი იყვნენ სხვა ”ფიცის წიგნებითაც”, იმ შემთხვევისთვის, თუ დანარჩენი ქართველი ხელისუფალნიც (ქართლისა და იმერეთის მეფეები, გურია-ოდიშის მთავრები) მოისურვებდნენ შესვლას რუსეთის მფარველობაში. მათვე დავალებული ჰქონდათ ბაგრატიონთა ოჯახიდან საცოლისა და საქმროს გამოძებნა გოდუნოვის შვილებისთვის - თევდორესა და ქსენიასთვის.

ჩანს, დაბალი წარმოშობის რუსეთის მეფე ცდილობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს დინასტიასთან დანათასავებით განემტკიცებინა პრესტიჟი და კიდევ უფრო საფუძვლიანი გაეხადა ტახტზე მისი ლეგიტიმური პრეტენზიები.

მოსკოვიდან გამომგზავრების წინ რუსი ელჩები საგანგებოდ დაარიგეს, რომ კახეთში ჩასვლამდე საიდუმლოდ შეეკრიბათ ინფორმაცია საშამხლოში ბუტურლინის მომავალი ლაშქრობის შესახებ და, მეორეც - ენერგიული პროტესტი განეცხადებინათ იმ შემთხვევაში, თუ გაირკვეოდა რომ კახეთი და საშამხლო უკვე დაზავებული იყვნენ (რუსებს ახსოვდათ, რომ 1603 წელს მეფე ალექსანდრემ თერგის ვოევოდა ტრახანიოტოვს მისწერა- შამხალს და ყუმიხებს შევურიგდიო), ელჩებს უნდა დაერწმუნებინათ კახეთის ხელისუფალი - მეფე ბორისმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, დიდი ხარჯი გასწია, ლაშქარი შეკრიბა და, კეთილი ინებეთ, პირობა შეასრულეთო.

1604 წლის ივნისში ასტრახანში ჩასულ რუს ელჩებს ინფორმაცია დახვდათ- ალექსანდრე II შაჰმა მოაკვლევინაო. მათ გზა განაგრძეს და ივლისში უკვე თერგზე იყვნენ, სადაც შეიტყვეს გავრცელებული ხმების უსაფუძვლობის შესახებ.

იმ დროისათვის უკვე განახლებული იყო საომარი მოქმედებანი ირანსა და ოსმალეთს შორის. შამხალმა და ყუმიხებმა ხონთქრის მხარე დაიკავეს (ამასვე აპირებდა ყაბარდოც) და შემახიიდან ძეგამის მხარე მოითარეშეს. კახეთის საგარეო მდგომარეობა საკმაოდ რთულად გამოიყურებოდა. ალექსანდრე II და ქართლის მეფე გიორგი X აბას I-მა ლაშქრით ერევანთან დაიბარა. კახეთის გვირგვინოსანმა დიდხანს დააყოვნა წასვლა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, მაინც ხლებოდა ირანის მბრძანებელს.

რუსეთის ელჩებმა საარაგვოზე გადმოიარეს და ერისთავის ვაჟის ბაინდურის მეგზურობით კახეთის საზღვრებს მიადგნენ, თან, გზადაგზა, საჭირო ინფორმაციასაც კრებდნენ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პრეოცესების შესახებ.

1604 წლის 19 აგვისტოს ტატიშჩევი და ივანოვი გიორგი ბატონიშვილმა მიიღო, რომელიც მამამისის შაჰთან ყოფნის პერიოდში მართავდა ქვეყანას. დარბაზობას მისი შვილი იესეც ესწრებოდა. გიორგი ბატონიშვილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით მამის კვალზე იდგა და რუსეთთან კავშირში ხედავდა ხსნის გზას. მან სრული თანხმობა განაცხადა ელჩთა წინადადებაზე, თუმცა იქვე შესთავაზა მათ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც ალექსანდრე II-ს დალოდებოდნენ. ტატიშჩევი და ივანოვი დათანხმდნენ. მათ 1604-1605 წლების ზამთარი კახეთში გაატარეს და რეგულარულ კორესპონდენციებს გზავნიდნენ რუსეთში ირან-ოსმალეთის ომის მიმდინარეობის შესახებ.

რუს დესპანებს სურდათ მოსკოვში წაეყვანათ თეიმურაზ და ელენე ბატონიშვილები. ასეთივე განზრახვით ძეგამში მივიდა აბას I-ის წარგზავნილი მაჰმად ბეგიც. გიორგი ბატონიშვილი იძულებული გახდა ირანის მბრძანებლის მოთხოვნა შეესრულწებინა, რადგან მოხუცი ალექსანდრე II შაჰთან იმყოფებოდა და ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. კახეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი რუსეთის სერიოზულ პოლიტიკურ მარცხს მოასწავებდა, რადგან გოდუნოვის თანხმობის გარეშე მძევალთა გაცემის უფლება ალექსანდრე II-ს არ ჰქონდა. ბატონიშვილების ირანში წაყვანით ჩაიშალა გოდუნოვის განზრახვა ბაგრატიონებთან დანათესავების შესახებ და რუსი ელჩები იძულებული გახდნენ, სარძლო-სასიძოს ძებნა ქართლის სამეფო ოჯახში დაეწყოთ. იმის მიუხედავად, რომ გიორგი ბატონიშვილი ყოველნაირად უშლიდა ხელს, ტატიშჩევმა და ივანოვმა მაინც მოახერხეს მიმოწერის გაბმა ქართლის მეფესთან. გიორგი X-მ სამცხეზე ლაშქრობა მოიმიზეზა და რუსი ელჩების მიწვევა მომდევნო წლის გაზაფხულისთვის გადადო, თანაც მათი მოციქული ოდიშისკენ არ გაუშვა იმ მოტივით, დადიანი ოსმალთა მოკავშირეაო.

გამეორდა წინა წლების ისტორია. ტატიშჩევი და ივანოვი, ლეონტიევ-ნაშჩოკინის მსგავსად, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ხანგრძლივი დაყოვნების გამო. თავის მხრივ, გიორგი ბატონიშვილიც საყვედურობდა მათ- თქვენი დაპირებული ჯარი რატომ იგვიანებსო. იგი დარუბანდზე გალაშქრების წინადადებას აძლევდა რუსეთს, რამაც დესპანთა საგანგებო დაინტერესება გამოიწვია. მათ სურდათ, დაეზუსტებინათ- დარუბანდზე ლაშქრობის იდეა კახელი ბატონიშვილის პირადი ინიციატივა იყო თუ ამის შესახებ მან ალექსანდრე მეფისგან (იგულისხმება - შაჰისგან) მიიღო რაიმე ინსტრუქცია.

გიორგი ბატონიშვილი ელჩებისგან მოითხოვდა, რომ თერგიდან მეთოფეები მოეშველებინათ ოსმალთა თავდასხმის შემთხვევაში. ტატიშჩევმა და ივანოვმა იუარეს, რადგან მოსკოვიდან სათანადო მითითება არ გააჩნდათ. მაშინ გიორგი ბატონიშვილმა აშკარა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის ხელისუფლების მისამართით - თუ დახმარების გარანტიას ვერ იძლევით, მაშინ მფარველობა და მხარდაჭერა რაში გამოიხატებაო.

თავის მხრივ, გიორგი ბატონიშვილის პასიურობითა და ქართლ-იმერეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარების ჩაშლით გაღიზიანებული რუსი ელჩები კატეგორიულად მოითხოვდნენ ”ფიცის წიგნზე” ხელის მოწერას. ისინი მეთოდურად უსვამდნენ ხაზს იმ გარემოებას, რომ კახეთის თხოვნის დაკმაყოფილება (თერგზე ციხეების აგება, ლაშქრის აღჭურვა) რუსეთის ხაზინას 300 000 მანეთი დაუჯდა, თქვენ კი აქ დამალობანას გვეთამაშებითო. 1604 წლის მიწურულს კახეთში ინფორმაცია მოვიდა, რომ რუსთა ლაშქარი ბუტურლინის მეთაურობით საშამხლოს დაპყრობას შეუდგა და თარღუ უკვე აღებული იყო. ამით გამხნევებულმა გიორგი ბატონიშვილმა 1605 წლის პირველ იანვარს დიდებულებთან ერთად ფიცი მიიღო და განკარგულება გასცა, ეკლესიებში მოკავშირის გამარჯვებისთვის ელოცათ. თუმცა, მან უარი განაცხადა ლაშქრით რუსთა დახმარებაზე იმ მოტივით, რომ კახეთის ძირითადი ჯარი ალექსანდრესთან ერთად შაჰთან იმყოფებოდა და მას ქვეყნის დაუცველად დატოვება არ შეეძლო. ამასთან, გიორგი ბატონიშვილი რუსეთს სთავაზობდა კახეთში ორი ციხის აგებას და მეთოფეთა ჩაყენებას. ამ შემთხვევაშიო, აიმედებდა იგი ელჩებს, მარტო ჩვენ შეგვიძლია 20 000 მოლაშქრის გამოყვანა და სხვა ქართველი მეფე-მთავრებიც მიიღებენ ერთგულების ფიცსო.

1605 წლის მარტში ალექსანდრე II კახეთში დაბრუნდა. მას თან ახლდა კონსტანტინე ბატონიშვილი და ყიზილბაშთა ჯარი, რომელსაც კახელებთან ერთად ოსმალთა მოკავშირე შირვანზე უნდა ელაშქრა. კახთა მეფე ცდილობდა, ბუტურლინის მომავალი წარმატებების გათვალისწინებით, გაეჭიანურებინა ეს სამხედრო ექსპედიცია (მას არ სურდა, ყველა ხიდი დაეწვა ხონთქართან ურთიერთობაშიც), მაგრამ ამას მოჰყვა 12 მარტის საბედისწერო დრამა ძეგამის სასახლეში, რის შედეგადაც ყიზილბაშებმა მოკლეს მხცოვანი მეფე, გიორგი ბატონიშვილი და ერთიანად ამოჟლიტეს სასახლეში მყოფი მათი მომხრე დიდებულები. ტახტზე გამაჰმადიანებული კონსტანტინე მირზა ავიდა.

რუსი დესპანები დეტალურ ინფორმაციას ფლობდნენ სამეფო კარის კულუარული ინტრიგების თაობაზე. ჩანს, მათ იგრძნეს, რომ სიტუაცია საბედისწეროდ იძაბებოდა და გამაჰმადიანებულ ბატონიშვილს მოციქული კამენევი მიუგზავნეს - სისხლი არ დაღვაროო, თუმცა უკვე გვიან იყო. მკვლელობის შემდეგ ტატიშჩევი და ივანოვი ახლადგამეფებულ კონსტანტინეს ეახლნენ და რუსეთის მეფის ერთგულებაზე დაფიცება შესთავაზეს. ცხადია, ეს წმინდა წყლის ფორმალური აქტი იყო. ელჩებმა ამ ჟესტით მხოლოდ მოვალეობა მოიხადეს, თუმცა წინასწარ იყვნენ დარწმუნებული ვიზიტის წარუმატებლობაში.

ასეც მოხდა. კონსტანტინემ ელჩებს დიპლომატიურად მიუთითა კარისკენ.

31 მარტს ტატიშჩევი და ივანოვი უკვე ქართლში იყვნენ. მათ მოლაპარაკება გამართეს გიორგი X-თან და მიაღწიეს იმას, რომ ქართლის მეფემ 1605 წლის 10 მაისს ხელი მოაწერა რუსეთის მეფის ერთგულების ფიცს. ამასთან, მიღწეული იქნა შეთანხმება გოდუნოვის შვილებისთვის საცოლისა და საქმროს შერჩევის შესახებ: თევდორე უფლისწულისთვის- მეფის ქალიშვილი ელენე, ხოლო ქსენიასთვის - ქაიხოსრო მუხრანბატონი.

1605 წლის კახეთის მოვლენები (პლუს, ცოტა ხნის შემდეგ ქართლის მეფის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება) მოსკოვის სერიოზულ მარცხს მოასწავებდა კავკასიაში. ამას თან დაერთო ცნობილი შინაპოლიტიკური გართულებანი რუსეთში (ცრუ დიმიტრის გამოსვლა, გლეხთა ომი ბოლოტნიკოვის მეთაურობით, პოლონელთა ინტერვენცია), რომელიც 1613 წლამდე გაგრძელდა და ამით კახეთ-რუსეთის ოცწლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შედეგი, ფაქტობრივად, მთლიანად გაქარწყლდა. მართალია, 1607 წელს მეფე ვასილ შუისკიმ ელჩ რომოდანოვსკის პირით შაჰს პროტესტი განუცხადა კახეთის მოვლენების გამო, მაგრამ ამას, ცხადია, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ეს ის დრო იყო, როდესაც ძლევამოსილი ”ერანის ლომი” თავზე ბუზს არ ისვამდა და დასუსტებული რუსეთის დიპლომატიური კიკინი აინუშიც არ ჩაუგდია...