აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანი შონ სპაისერი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის განცხადებას გამოეხმაურა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე შონ სპაისერს კითხვა დაუსვეს, მიიჩნევს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთს „ყველაზე დიდ საფრთხედ“.
„საფრთხე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს ბირთვული იარაღის პოტენციალთან ერთად, პრეზიდენტის აზრით, ამერიკელებისა და ჩვენი მოკავშირეების სიცოცხლისთვის საშიშია“, - უპასუხა შონ სპაისერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანის თქმით, განცხადება, რომ რუსეთი აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას განაგრძობს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მოსაზრებაა.
„ეს გამოძიების ფედერალური ბიუროს მოსაზრებაა. ჩვენ ვეყრდნობთ გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სხვა სპეცსამსახურების მოსაზრებებს. ისინი პრეზიდენტს აწვდიან განახლებულ ინფორმაციას“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი მიიჩნევს, რომ რუსეთი განაგრძობს აშშ-ის და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და „ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“. აღნიშნულის შესახებ ჯეიმს კომიმ გუშინ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.