მარინ ლე პენი:   საფრანგეთის მმართველი ქალი იქნება, ეს ან მე ვიქნები, ან ანგელა მერკელი

მარინ ლე პენი: საფრანგეთის მმართველი ქალი იქნება, ეს ან მე ვიქნები, ან ანგელა მერკელი

გუშინ გამართულ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სატელევიზიო დებატებისას, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, მაშინ საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იქნება.

„როგორც არ უნდა იყოს, საფრანგეთის მმართველი შემდგომში ქალი იქნება. ეს ან მე ვიქნები ან ანგელა მერკელი“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მან ემანუელ მაკრონი საფრანგეთ-გერმანიის კავშირების გაძლიერების განზრახვის გამო გააკრიტიკა.

„რეალობა ის არის, რომ თქვენ უკვე ეწვიეთ ვიზიტით ქალბატონ მერკელს და მას კურთხევა სთხოვეთ, ვინაიდან, მისი თანხმობის გარეშე რაიმეს გაკეთებას არ აპირებთ“, - აღნიშნა სატელევიზიო დებატებისას მარინ ლე პენმა.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საბედნიეროდ, საფრანგეთს ყოველთვის ჰყავდა პოლიტიკოსები, რომლებსაც მომავალის განჭვრეტა შეეძლოთ“.

„გენერალმა დე გოლმა და კანცლერმა ადენაუერმა შესძლეს ერთად მუშაობა და შესაბამისად, დღევანდელი ევროპა ააშენეს“, - დასძინა მან.