ორი ეპიტაფეა და ერთიც ფუნაგორია

ორი ეპიტაფეა და ერთიც ფუნაგორია

ქუთაისში, ერთ უდაბურსა და ცოდვიან ალაგას, სადაც ბაყაყნი არ მოსწყდებიან, ჯერ კვლავაც აღუმართავია „გოგორიშვილის უნიტაზად“ უკვე სახელდებული პარლამენტის შენობა.

მისი მშენებლობის უაზრობამ დედა–შვილის სიცოცხლე და დიდების მემორიალი უკვე შეიწირა და არც მორიგი, უფრო დიდი მსხვერპლშეწირვაა გამორიცხული.

სწორედ აქ, ამ სანახევროდაც არაშენებულ ნაგებობაში ბოროტი და ახირებული ჩოყლაყის უზენაესი ნებით 26 მაისს პარლამენტის საზეიმო სხდომა უნდა გაიმართოს.

რა ეზეიმებათ, ნეტა, ამ ჩოყლაყის ავ ზნეს აყოლილსა თუ მიჩმორებულ, უშნოდ ატროვებულ, ვაი–დეპუტატებსა და სამართალ–მწვალებლებს?

შარშან მოწყობილი სისხლიანი „შაბაშის“ წლისთავი თუ კონსტიტუციის და სამართლის უკვე პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე ველურად მწარე გაუპატიურება?

განა ლოგიკური და სამართლიანი არ იქნება, რომ მათ თავზე ახდეს ანდაზა: „მოჩქარეს მოუგვიანდესო!“

სულო, ცოდვილო, და, როგორც გურულები იტყვიან, „მარცხი ელანძეა!“ ერთიც ვნახოთ, ეგებ, დაუსრულებელ შენობაში საზეიმო დარბაზობის სიბრიყვე მძიმედ შემოუტრიალდეთ, უწიოთ ცოდვებმა – იხუვლოს გაუმაგრებელმა ჭერმა და თავზე დაექცეთ? ვინ იზეიმებს მართლა მერე?

სასიკვდილოდ კი ცოდონი არიან, მაგრამ რომ არ ასვენებთ გამჩენი? რატომ ცდიან ღმერთსაც და კაცის მოთმინებასაც?

ახი კი იქნებოდა აცუნდრუკებული ნაცმოსათვის ერთი კარგი საძმო საფლავი ჩოყლაყური ესთეტიკის სტილში: ამობრუნებული უნიტაზის მგვანი, არაშენებული პარლამენტის ნანგრევები, ზემოდან ერთმანეთში უწესრიგოდ მიმობნეული კვერცხების, ქლიბების და მათ შუა აყუდებული უზარმაზარი უროს მონუმენტით, რომელზედაც მადლიერი ქართველი ხალხი ოქროს ასოებით წაწერილ ეპიტაფიასაც არ დაიშურებდა. კოლექტიური ეპიტაფია პარლამენტის წევრებისა და, რაღა თქმა უნდა, მეორე ეპიტაფიაც – გამორჩეულად ჩოყლაყისა. ასე, რომ სულ ორი ეპიტაფია იქნებოდა დასაწერი, მააშ!

როგორი იქნებოდა პარლამენტარების ეპიტაფია ნაცმოს საძმო საფლავზე? დაახლოებით ალბათ ასეთი:

„ეპიტაფია ჩოყლაყის ბოდვით იდეებს შეწირული პარლამენტარებისა, აწ ნანგრევებქვეშ განსვენებულთა



დაუმთავრებელ დარბაზის თავზე დაგვექცა ჭერიო,

საკუთარ თავის მტერია ყველა ჩვენსავით შტერიო!

თავი შევწირეთ ჩოყლაყსა, არ მოგვასვენა გამჩენმა,

ასეთი მწარე ყოფილა შლეგის იმედად დარჩენა!



დამარხულნი ვართ ნანგრევში არაშენებულ შენობის,

გამვლელნო, დაიმახსოვრეთ: არა ვართ ღირსნი შენდობის –

ბევრი „ვაპრავეთ“ ჩოყლაყის უმსგავსო, ბნელი საქმენი,

ჩვენ ვჭრიდით მრუდე სამართალს, ნაღდად არა ვართ საქებნი.



მოვიწადინეთ ბრიყვულად ახალ დარბაზთა შენება,

ძველი ხომ გვქონდა? არ გვეყო პარლამენტარის შეგნება!

რა გვრჯიდა? გიჟის ჭკუაზე ხტუნვა არავის შერჩება!

ამას გიბარებთ: ისწავლეთ ღირსეულების შერჩევა!



მშვიდობით! არ დაგავიწყდეთ ცოდვილი დეპუტატები,

ჩვენ ვერც ევროპამ გვიშველა, ვერ დაგვეხმარა შტატებიც!

დაიმახსოვრეთ: სიკეთეს ნუ ეძებთ მხოლოდ ფულშია,

თორემ თქვენზედაც იტყვიან: „ძაღლი მიაკვდეს სულშია!“



ჩოყლაყს რომ არ ეწყინოს, ბარემ მისი ეპიტაფეიც გამოვაცხოთ. დაახლოებით ასეთი გამოვა:

„ეპიტაფია ჩოყლაყისა, ქუთაისს პარლამენტის ვერ–აღმაშენებლისა და ნანგრევებსა არაშენებულისა ქვეშე მოყოლილისა



„დიდ დავითს ვეცილებოდი აღმაშენებლის სახელსა,

ხალხმა ჩოყლაყი შემარქვა, ვით რეტიანსა და ხელსა!

ნანგრევქვეშა მუნ მოვყევი არაშენებულ დარბაზის,

ჩემ თავს აღარა ვტირივარ, ცოდვა მიმყვება ხაბაზის!



ვნანობ... უკუღამა მეწადა ივერთა ქვეყნის შენება,

ბევრი შემორჩა „შედევრად“ ჩემგან ნაგები „მშვენება“:

ბათუმის უნივერსიტეტს ეშმას ბორბალი დავადგი

კვერცხებს შლოპანცი დავადე – ამით ქაჯები „დავაბი“!



მეტეხის ჩრდილში ბუდასი ბარი ურჯულოდ ვაშენე,

ზემოდან ხიდიც გავდე და შუშის ურჩხულად „ვამშვენე“,

წავბილწე წმინდა ალაგი – შემოგარენი სიონის,

გვერდზე კაზინო ავუგე, ეხლა იქ ცოდვის სიო ქრის!



ჭაჭის თაუერს მივუდგი კოშკი ქართული ანბანის,

აღარ დამცალდა უბედურს, გასრულდა ესე ამბავიც:

ბოლოს მიწიეს ცოდვებმა, ნანგრევების ქვეშ მოვყევი,

ჭკუის სასწავლად ქართველთა ეს სიბრძნე ყველგან მოჰყევით:



არ აშენდების დარბაზი სადაცა არა ეგების!

უწმინდურებით წარწყდება, თუნდ იყოს ბაღი ედემის!

ნაუკუღმართევ შენობის გარდუვალია დანგრევა!

ჩემებრ წახდება, ვისაც სურს ავი ზნის ქვეყნად დანერგვა!“

ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ გულბოროტი არა ვარ, ნამდვილად არა მსურს ვინმესთვის ავი. პირიქით, ჩვენი პარლამენტარებისაგან გაოგნებულს და მათი ბედით შეშფოთებულს, ეს გიჟ–პოეტობაც იმიტომ დამჭირდა, რომ იქნება ცოტა მაინც დაფიქრდნენ პატივცემულნი, თუ რასა სჩადიან!

რუსთაველის პროსპექტიდან, საქართველოს გულის გულიდან, საპარლამენტო ცენტრის გადატანა იმ უდაბურ და მართლაც ცოდვიან ადგილას, რომელმაც დედა–შვილის სიცოცხლე უკვე შეიწირა, განა ოდნავ დაფიქრებას მაინც არა საჭიროებს?

თანაც, რითია გამართლებული ასე ამჩატებულად, ფეთიანივით, ჯერ დაუსრულებელ შენობაში დარბაზობის გამართვა? სირცხვილია! თუ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს არა, საკუთარ თავს ხომ უნდა სცეთ პატივი ძვირფასო დეპუტატებო?

საპარლამენტო ცენტრის ნაუცბათევად, დაუფიქრებლად და დაუსაბუთებლად შეცვლას რა საერთო აქვს დეცენტრალიზაციასთან? ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა პარლამენტის „შეუფერებლად დაცენტვრა!“

ეპიტაფიამ თუ არა, იქნებ ფუნაგორიამ მაინც გაჭრას და დაგაფიქროთ, აბა ოხროხინე მღვდელი მე არა ვარ, რომ აზრზე მოსაყვანად ერთი ლაზათიანათ შემოგილაწუნოთ!

აჰა, ეს მოკლე ფუნაგორიაც და ეცადეთ, აქ მხოლოდ ფუნას არ მიაქციოთ ყურადღება:

ჩოყლაყისაგან დასაცენტრად გამგზავრებულ პარლამენტარებს



თბილისიდან გამგზავრებენ ქუთაისს!

რად გვშორდებით ნეტავ დეპუტატებო?

ქუთაისში გაატარებთ ამ მაისს,

ხვალინდელზე რასა ფიქრობთ ბატებო?



რუსთაველი ბაყაყებზე გაცვალეთ,

ეგ ყოფილა დეცენტრალიზაცია,

კარგი არის თბილისი რომ დაცალეთ,

არ გჭირდებათ თქვენ კანალიზაცია!



ქუთათურნი თქვენ მაინც ვერ გახდებით!

შეისმინოთ იქნებ ახლა ეს აჯა:

დარბაზობად სანამ სადმე დასხდებით,

დარბაზს უნდა ცოტა მაინც შეგაჯვა!