ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30-მა კონგრესმენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილი კიდვ ერთხელ შეაფასა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წერილში ხაზგასმულია ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა, წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო მიუხედავად ოკუპაციის პრობლემებისა, არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ოპერაციების. ასევე მხარდაჭერა არის გამოხატული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის, რაც ვფიქრობთ, რომ მისასალმებელია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული კონგრესის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ასე იყო და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაშიც ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ. ეს არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობა არის სენატშიც და ერთი წუთით ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტს“,- განაცხადა პრემიერმა.