"კლინტონის თქმით, მისი დამარცხების მიზეზებს შორის იყო გამოძიების ფედერალური ბიურო, „ვიკილიქსი“ და სექსიზმი“, - ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, 2016 წლის არჩევნებში მის დამარცხებაში ბრალი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომის და ვებგვერდ „ვიკილიქსს“ დასდო, რომელმაც მისი კამპანიის დირექტორისგან მოპარული ელექტრონული ფოსტა გამოაქვეყნა.
„სი ენ ენ“-ის ჟურნალისტთან საუბრისას კლინტონმა თქვა, რომ ის „გამარჯვებისკენ მიდიოდა“, სანამ „ვიკილიქს“-მა მისი კამპანიის მენეჯერის, ჯონ პოდესტასგან მოპარული ელექტრონული ფოსტის გამოქვეყნება დაიწყო და კომიმ კონგრესს უთხრა, რომ დამატებით ელექტრონულ ფოსტას ამოწმებდა, რომელიც კლინტონის მიერ პირადი სერვერის გამოყენებას უკავშირდებოდა.
კლინტონმა თქვა, რომ მეტ დეტალს და არჩევნებში დამარცხების ანალიზს წიგნში აღწერს, რომელიც ამ შემოდგომაზე გამოიცემა“, - აცხადებს „ამერიკის ხმა“.