ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან ერთად „ევროპის დღის" აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ და სტუდენტებს საქართველოსა და ევროკავშირის თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გახნა. რექტორმა სტუდენტებს წარუდგინა სტუმრები და გამოხატა სიხარული, რომ იმ ეპოქაში ცხოვრობს, როდესაც ევროპის ქვეყნებში მიმოსვლა თავისუფალია. შემდეგ სიტყვა გიორგი მოსიძეს გადასცა, რომელიც სტუდენტებს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ოთხ ძირითად თავისუფლებასა და ევროკავშირის სტრუქტურებზე ესაუბრა. „ევროპა მრავალფეროვანია და ის არ არის ერთი ქვეყანა, არამედ სხვადასხვა კულტურებისა და ეროვნებების კავშირი, რომელიც გადაწყვეტილებებს თანაბარუფლებიანობის საფუძველზე იღებს, რაც მისაბაძი მაგალითია ახალი დემოკრატიებისთვის" - აღნიშნა გიორგი მოსიძემ.
შოთა ხაბარელი მიესალმა სტუდენტებს და იმედი გამოთქვა, რომ თუ ახალი თაობა შრომაზე იქნება ორიენტირებული, ადვილად გაართმევს თავს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს, ხოლო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა კი შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს მათ ევროპის ქვეყნების, განსაკუთრებით ახალი წევრი ქვეყნების გამოცდილებას გაეცნონ და გაიზიარონ.
რადუ ლივიუ ჰარუმბა მიესალმა სტუდენტებს და ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანსა და მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა რომ რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოს არამარტო ევროინტეგრაციისა, არამედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. მან ასევე, ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე ევროპული ოჯახის წევრად ჩამოყალიბებისთვის.
სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს რუმინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.